18-02-2023
„ქართული ოცნება“ ბიზნესმენს და მეცენატს, ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს. პარტიის მიერ გავრცელებულ მისალოც წერილში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა, გადამწყვეტი როლი შეასრულა მჩაგვრელი რეჟიმისგან ქვეყნის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში, რამაც საქართველოს მოქალაქეებს ღირსება, თავისუფლება და მომავლის იმედი დაუბრუნა.
„18 თებერვალი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ქართველი მეცენატის და ქველმოქმედის, ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეა. ბიძინა ივანიშვილმა გადამწყვეტი როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, როდესაც 2012 წელს სათავეში ჩაუდგა მჩაგვრელი რეჟიმისგან ქვეყნის გათავისუფლებისთვის ბრძოლას და საბოლოოდ, ეს ბრძოლა მისი, ჩვენი ქვეყნის და ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდა.
რეჟიმის ცვლილებამ საქართველოს მოქალაქეს ღირსება, თავისუფლება და მომავლის იმედი დაუბრუნა. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ქველმოქმედების შედეგად, ქვეყანა დადგა დემოკრატიულ რელსებზე და უამრავი გამოწვევის მიუხედავად, დღეს ჩვენ გვაქვს ძლიერი ინსტიტუციები და რაც მთავარია, განუხრელად არის დაცული ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლება. ვულოცავთ ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს, ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და ბედნიერებას ვუსურვებთ მას და მის ოჯახს!“ - ნათქვამია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ მილოცვის წერილში.