18-02-2023
„ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერის, ევა კაილის ადვოკატების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი ბელგიის ციხეში აწამეს, განცხადებით ეხმაურება, სადაც ევროპარლამენტარებს მიმართავს: „მიუხედავად იმისა, რომ კორუფცია მძიმე დანაშაულია ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერისთვის, ჩვენ უფრო მძიმე დანაშაულში ბრალდებული პატიმარი გვყავს საქართველოში, კიდევ უფრო მაღალი ყოფილი თანამდებობის პირი - პრეზიდენტი.
ის საკუთარი ხალხის ფულის მოპარვისთვის, გაუპატიურებისთვის, მკვლელობისთვის და პატიმრების წამებისთვის იხდის სასჯელს დღეს, ერთ-ერთი რეიტინგული კლინიკის ლუქს პალატაში და არა - ციხეში.
ევა კაილის კი, როგორც მისი ადვოკატი აცხადებს, უმძიმეს პირობებში უწევს ციხეში ყოფნა. საქართველოს ციხეებში არსებული მდგომარეობა, პატიმართა უფლებების დაცვა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია მსოფლიოში. ამას თავად ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა აღიარებს. ამაზე მეტყველებს თუნდაც მიხეილ სააკაშვილის ფაქტიც. გვესმის, რომ კორუფცია მძიმე დანაშაულია პოლიტიკოსისთვის, მაგრამ შუაგულ ევროპაში ნუ დაარღვევთ პატიმრის უფლებებს და შესაბამის პირობებში ამყოფეთ ყოფილი მაღალჩინოსანი. და თუკი ეს ვერ ხერხდება ევროპაში, მაშინ ჰუმანიტარული მიზნით გადმოგვეცით ევა კაილი, რომ ქართულ ციხეში ადამიანურ პირობებში ვამყოფოთ. თუ ამისთვისაც რეზოლუციის მიღებაა საჭირო?“ - აცხადებს თამარ ჩიბურდანიძე.