20-02-2023
ბაკურიანი - ესაა დანიშნულების ადგილი, რომელშიც დიდი ინვესტიცია იდება ზამთრის სპორტის განვითარებისთვის. მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებლად, დიდი ფინანსური და დროის რესურსი გაიღეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ ნამდვილად სურთ, საუკეთესო შედეგი აჩვენონ, - ასე შეაფასა ევროსპორტის კომენტატორმა ბრედ ჯეიმ ბაკურიანში ჩატარებული სამუშაოები.
16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით ბაკურიანი ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს. ბაკურიანი 2023-ის ღონისძიება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით იმართება, რომელშიც 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი ასპარეზობს. მსოფლიო ჩემპიონატის პროექტის ფარგლებში ბაკურიანში აშენდა 3 ახალი საბაგირო (დიდველი), 29 კმ-იანი ხელოვნური გათოვლიანების სისტემა (დიდველი, კოხტა, მიტარბი), წყლის ორი ხელოვნური რეზერვუარი (დიდველი, მიტარბი -ჯამური მოცულობით 307 000 მ3), 6 ახალი საშეჯიბრო ტრასა, შეძენილი იქნა სპეც.ტექნიკა და უსაფრთხოების ინვენტარი. ჩემპიონატის ფარგლებში მოეწყო სპორტსმენთა სოფელი სპორტსმენების, მედიის წარმომადგენლების და ტექნიკური ინვენტარის მომსახურებისთვის. საერთო ჯამში, ბაკურიანში ჩემპიონატის მასპინძლობისთვის განხორციელდა 270 მლნ ლარის ინვესტიცია.