21-02-2023
სამწუხაროა, რომ მსოფლიო და მათ შორის ევროპა გარკვეულ საკითხებში არა განვითარების გზით, არამედ დაღმასვლით მიდის, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში განაცხადა.
დეპუტატი თავის სიტყვაში მსოფლიოსა და ევროპაში მოქმედ ორმაგ სტანდარტებს შეეხო, რომელიც საქართველოს სახელმწიფოსა და დემოკრატიის პრინციპებს საფრთხეს უქმნის.
„ის რომ რთული ვითარებაა მთელ მსოფლიოში, სადაო აღარავისთვის არის. სულ ახლახან პანდემიამ გატესტა მსოფლიო, ახლა ომისა და მშვიდობის ტესტი გვაქვს ჩასაბარებელი. ის რომ ოკუპაცია, აგრესია და სამხედრო ინტერვენცია მიუღებელია, ამაზე ყველა ვთანხმდებით. მშვიდობას რომ ალტერნატივა არ აქვს, მიუნხენის სამიტზე ისაუბრა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა. იქაც და აქაც მისმა განაცხადმა ყური მოსჭრა ბევრს, მაგრამ მერწმუნეთ, სულ ცოტა ხანში სხვა ლიდერებიც მივლენ იმ დასკვნამდე, რომ შეიარაღებაზე ზრუნვას, მშვიდობის უზრუნველსაყოფად თითოეულის შენატანი სჯობს.
ამ ომმა ნათლად აჩვენა წარსულის შეცდომებიც და რეალური ზრახვებიც, შიგნით თუ გარეთ. ვის რისი მიზანი აქვს და ვინ რისთვის იბრძვის, ვინ ვის რისთვის სჭირდება და ვინ ვისთვის რას იმეტებს, ზედაპირზე დევს. 2008 წელს მოჰყვა 2014. დასავლეთმა ესეც „გაატარა“ და დღეს მთელი უკრაინა კვამლშია გახვეული.
ნატოშიც და ევროკავშირშიც „ღიაა კარები“, მაგრამ ჩვენ ისევ კარებს მიღმა ვდგავართ. ამ ლოდინში კი ტერიტორიების 20% დავკარგეთ. მაშინაც ვიომეთ, მაგრამ არავისთვის ჩვენს ომში ჩართვა არ გვითხოვია. არც სანქციებით მოუკლავს თავი მსოფლიოს. სამაგიეროდ, ახლა გვთხოვენ ომსაც და სანქციებსაც. თუ დღეს კიდევ ვინმეს აქვს კითხვა - „ვინ გვთხოვს?“, საქმე კიდევ უარესად ყოფილა.
12-პუნქტიანი დავალების შესრულება დაგვაკისრეს და რადგან სამ კანდიდატს შორის ყველაზე უკეთ შევასრულეთ ეს დავალება, მას ულტიმატუმი მოჰყვა - ლაკმუსის ქაღალდი თურმე მიხეილ სააკაშვილია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ვენდეტის მსხვერპლი ყოფილა და მეტი ბრალი მას არ აქვს. ამას გვეუბნება, არც მეტი და არც ნაკლები, ევროპარლამენტი, სადაც ექვსი პარლამენტარი კორუფციის ბრალდებით უკვე დაკავებულია, ორზე ძიება მიმდინარეობს და ევროკომისიის პრეზიდენტზე სერიოზული კითხვები აქვთ, მისი წევრები კი გვეუბნებიან, „ჩვენი წესებით თუ არ ითამაშეთ, კარები დაიხურებაო“.
მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ბევრი სიცოცხლის ვალი აქვს, თურმე დემოკრატიის შუქურაა, ხოლო ბიძინა ივანიშვილს პირადი ფინანსები უნდა დაუბლოკონ, რომ მეტი ქველმოქმედება ვერ შეძლოს. საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვა რუსეთუმეობა ყოფილა და გამჭვირვალობა-დემოკრატია - საფრთხე.
იმას, რასაც დასავლეთი საკუთარი უსაფრთხოებისთვის დიდი ხანია იყენებს, საქართველოსთვის კატეგორიულად მიუღებელია. მოკლედ, ომმა ყველაფერი ნათლად წარმოაჩინა - წარსულიც და დღევანდელობაც, მომავალი კი ბუნდოვანია. რუსეთი უფრო აგრესიულად, ევროპა კი დეპრესიულად გამოიყურება და შეცდომას შეცდომაზე უშვებს. სამწუხაროა, რომ მსოფლიო და მათ შორის ევროპა გარკვეულ საკითხებში არა განვითარების გზით, არამედ დაღმასვლით მიდის.
ორმაგი სტანდარტები ყოველდღიური მოხმარების იარაღად იქცა. უფრო მტკივნეულია ის ფაქტი, რომ ეს ეხება ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა დემოკრატიული პრინციპები. იმ დროს, როდესაც ქართველი ხალხი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია, ვიხილეთ ყველაზე უსამართლო, არაევროპული ევროპა. როდესაც ჩვენი ახალგაზრდები იმედით შეჰყურებენ ევროპულ პერსპექტივას, ამ დროს ევროპელი დეპუტატები მათ იმედებს ანადგურებენ. ევროკავშირი თავისი დაარსების დღიდან პირველად დადგა ასეთი გამოცდის წინაშე და პირველადვე ვერ გაუძლო.
ეს უფრო ღრმა დეპრესიას ჰგავს, რომლისგანაც თავის დაღწევა ძალიან რთულია, თუმცა შესაძლებელი, მხოლოდ არა მსგავსი სამარცხვინო რეზოლუციებით და ორმაგი სტანდარტებით, არამედ საკუთარი ღირსების წარმოჩინებით და დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულებით. მინდა მჯეროდეს, რომ ევროპა შეძლებს ძველი ღირებულებების დაბრუნებას და სხვა სახელმწიფოებთან სამართლიანობაზე დაფუძნებულ პარტნიორობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს მისგანაც მოუწევს თავის დაცვა“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.