21-02-2023
საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის დაკარგვა თუ გადაცემა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. ის, რაც მოხდა 2008 წელს, იყო რეპეტიცია იმასთან შედარებით, რაც დღეს მიმდინარეობს. დღევანდელი ხელისუფლება რომ არა, ისეთი მდგომარეობა იქნებოდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, რაც ახლა უკრაინის ბევრ ქალაქშია. იმ რიტორიკიდან გამომდინარე, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ მონაწილეობა და გავაკეთოთ ის, რაც ჩვენ ამ ომში ჩაგვრთავს, ამას აჟღერებს ზუსტად ის ხალხი, ვინც 2008 წელს ყველაფერი ეს წამოიწყო, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, საჭიროა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა 2008 წლის ომთან დაკავშირებით, რათა საზოგადოებამ მიიღოს პასუხი მისთვის მნიშვნელოვან ყველა კითხვაზე.
„საზოგადოებას სჭირდება ჭეშმარიტება. პასუხი უნდა გაეცეს ყველა იმ კითხვას, რაც საზოგადოებას აინტერესებს. არის სხვადასხვა კომისიის და მათ შორის მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებები, საზოგადოებაში არის სხვადასხვა ხედვა ამ მხრივ. რატომ დავკარგეთ ჩვენ ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი? შეიძლებოდა თუ არა ამ უდიდესი დანაკარგის თავიდან აცილება, რას ურჩევდნენ და მიუთითებდნენ სააკაშვილს, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ვინ და რა როლი ითამაშა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სამმხრივი ხელშეკრულების მიღებაში, ვისი ბრძანებით და რატომ დატოვა კოდორის ხეობა უბრძოლველად ათასზე მეტმა ქართველმა ჯარისკაცმა, რა ღირებულების სამხედრო ტექნიკა ჩამოიწერა ომის შემდეგ, იყო თუ არა ეს ტექნიკა და სად იყო განლაგებული, უფლებამოსილი პირების გარდა ვინ მონაწილეობდა გადაწყვეტილების მიღებაში, რატომ დავტოვეთ ახალგორი, რატომ დავტოვეთ დაჭრილები და მიცვალებულები ბრძოლის ველზე? ვინ აგებს ამაზე პასუხს?“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.