16-07-2018
„ქართული ოცნების“ წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში, სანამ შახტებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, მეშახტეები კომპანიისგან ხელფასს მიიღებენ.
სუბარი ტყიბულში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის დავალებით ჩავიდა.
„გამოძიების რაღაც ნაწილი უკვე დასრულებულია. ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე დაკითხულია. შახტები დახურულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტები მუშაობენ შახტებში.
ვმუშაობთ იმაზე, რომ საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად დაიდოს დასკვნა, რამდენად უსაფრთხოა ამ შახტებში მუშაობის გაგრძელება, მას შემდეგ, რაც გაიხსნება.
რაც შეეხება მუშებს, მათ მინიმუმ ერთი თვის ხელფასს კომპანია გადაუხდის, შემდეგ რა იქნება, ამაზე მოლაპარაკება გაგრძელდება კომპანიასა და სახელმწიფოს შორის. სანამ შახტები დახურული იქნება, მანამდე თითოეული მათგანი მიიღებს ხელფასს“- განაცხადა სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ ტყიბულის შახტაში ტრაგედიის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.