გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას ჯაბა ფუტკარაძე, ხოლო სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტს ტიტე აროშიძე დაიკავებს

16-07-2018

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განახლებულ მინისტრთა კაბინეტში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას ჯაბა ფუტკარაძე, ხოლო აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობას - ტიტე აროშიძე დაიკავებს.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი ჯაბა ფუტკარაძე არის ვარშავის უნივერსიტეტის დოქტორანტი ეკონომიკის მიმართულებით და ლესტერის უნივერსიტეტის მაგისტრი ფინანსური ეკონომიკის მიმართულებით. 
ბოლო დროს მუშაობდა წამყვან საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე, იგი სერტიფიცირებული ფინანსური ანალიტიკოსია. 
აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ ჯაბა ფუტკარაძის განათლება და გამოცდილება მნიშვნელოვანია რეგიონის სწრაფი და ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისა და ფინანსების მართვის კუთხით. 
რაც შეეხება აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატ ტიტე აროშიძეს, იგი მუშაობდა როგორც საჯარო, ისე არასამთავრობო სექტორში. ბოლო დროს მუშაობდა აჭარის სტრატეგიული განვითარების კვლევის შეფასებაზე და სოფლად ადგილობრივი პოტენციალის ოპტიმიზაციის კუთხით. მას კარგად იცნობენ რეგიონის ექსპერტულ წრეებში. 
აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ტიტე აროშიძის გამოცდილება და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა მნიშვნელოვნად წაადგება ფერმერული მეურნეობების და ადგილობრივი წარმოების განვითარებას. 
განახლებულ მინისტრთა კაბინეტში თანამდებობას ინარჩუნებენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის პოსტზე უმრავლესობის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა დღეს წარუდგინა.