გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე: ქართული, ეროვნული კანონპროექტი არავის ემუქრება ციხით, როგორც ეს FARA-ს შემთხვევაშია

23-02-2023

ქართული, ეროვნული კანონპროექტი არავის არ ემუქრება ციხით, როგორც ეს FARA-ს მსგავსად, ბრიტანული კანონპროექტიც აპირებს და 5-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს ჯარიმრბთან ერთად. ქართული კანონპროექტი არ ეხება ფიზიკურ პირებს: პუბლიცისტებს, პოლიტოლოგებს, პედაგოგებს, სტუდენტებს, მხატვრებს, მეცნიერებს, სპორტსმენებს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი „ხალხის ძალის“ მიერ პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.


მისი თქმით, ისეთი ქვეყნებიც კი, როგორებიცაა: კანადა, ავსტრალია და ახალი ზელანდია - ერთმანეთის მიყოლებით იღებენ "უცხოური გავლენების გამჭირვალობის" შესახებ კანონებს, ჰიბრიდული, საინფორმაციო, სადაზვერვო თუ პოლიტიკური ომიდან მომდინარე საფრთხეების გამო.

შესაბამისად, დავით ქართველიშვილის შეფასებით, თუ ისეთ ქვეყნებს სურთ გამჭვირვალობა, რომელთა უსაფრთხოებაზე MI-6 დონის სპეცსამსახურები ზრუნავენ, გასაკვირი არ უნდა იყოს საქართველოს სურვილიც, არ დარჩეს პასუხგაუცემელი შეკითხვები ქვეყანაში შემოდინებული უკონტროლო თანხების და ამ თანხებით რეალიზებული აქტივობების მიმართ.


„სამწუხაროდ, ჩვენი დიაგნოზი: "პოლიტიკური პარანოიდალური ფსიქოზი" - მართლდება და ამას არც ბროწეულის ოყნები, და არც აბი გლუკოზა უშველის. აზრი არა აქვს, უსინათლო რეი ჩარლზს თბილისის მონახულების ექსკურსია ჩაუტარო და მერე ჰკითხო - "როგორ მოგეწონათ ჩვენი ლამაზი ქალაქი". აზრი არა აქვს სმენადაქვეითებულს ყუბანეიშვილის ბოლო ლექსები წაუკითხო და აღფრთოვანებას ელოდებოდე, თუმცა იქ ისეთი ლექსებია, ყრუსაც რომ გაეგება. ერთი მეორის მიყოლებით: დიდი ბრიტანეთის პოლიტიკური პროტექტორატის ქვეშ მყოფი - კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია - საკუთარ ქვეყნებში იღებენ "უცხოური გავლენების გამჭირვალობის" შესახებ კანონებს! რატომ? მსოფლიო შესაძლოა მესამე და უკანასკნელი გამანადგურებელი ომის პირასაა! ჰიბრიდული, საინფორმაციო, სადაზვერვო, პოლიტიკური, დიპლომატიური ომი მძვინვარებს მთელს პლანეტაზე.


და თუნდაც ისეთ ძლიერ სახელმწიფოებს, რომელთა უსაფრთხოებაზე MI-6-ის დონის სპეცსამსახურები ზრუნავენ - არ სურთ "შავი ხვრელების", უმართავი, უკონტროლო, დახურული უცხოური გავლენები დაუშვან საკუთარ ქვეყნებში - გამჭირვალობა სურთ!!! თვით დიდი ბრიტანეთი დაადგა ამ გზას - ქვეყნის "ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტში", მთავრობის მიერ ინიცირებული იქნა ცვლილებები, „საგარეო გავლენის რეგისტრაციის სქემის“ (FIRS) შემოღების აუცილებლობის სახით. აღნიშნული ორსაფეხურიანი სქემის საერთო მიზანია - შეაჩეროს უცხოეთიდან ქვეყნის ხელისუფლებისათვის რაიმე სახის უცნობი, გასაიდუმლოებული შეთანხმებების, აქტივობებისა და შემსრულებლების გამოყენება. ეს ყოველივე განპირობებულია უცხოური გავლენების მიმართ უფრო მეტი გამჭვირვალობის მოთხოვნით.


ბრიტანეთის მთავრობის ეს გადაწყვეტილება არავითარ შემთხვევაში არ ზღუდავს უცხოეთის აღნიშნულ გავლენებს - ის კვლავ მიესალმება უცხოური მთავრობებისა და ორგანიზაციების მონაწილეობას ქვეყნის ცხოვრებაში, ოღონდ ღია და გამჭვირვალე თამაშების წესების საფუძველზე. ბრიტანეთის მთავრობა დარწმუნებულია, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილება გადამწყვეტ როლს ითამაშებს გამჭვირვალობის წახალისებაში, და შეაკავებს იმ უცხოურ ძალებს, რომელთაც სურთ ფარულად მიაღწიონ თავიანთ მიზნებს. MI-6-ზე არანაკლებად ძლიერია ისრაელის მოსსადი, მაგრამ იქაც 2016 წლიდან მოქმედებს "არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭირვალობის კანონი".


ისრაელი პერმანენტულ ომშია გახვეული! მის გოგო-ბიჭებს, ღამის კლუბების მაგივრად, ბაბშვობიდან ავტომატ/ჩახუტებულებს სძინავთ და მთავრობას არ სურს, რომელიმე მხრიდან მისთვის გაურკვეველი მიზნებისთვის ომში გახვეულ ქვეყანაში შემოიდინებოდეს უკონტროლო ფული ქვეყნისთვის უცნობი პროგრამების სარეალიზაციოდ! რა არის ამაში მრავალუჯრედიანი ტვინისთვის გაუგებარი ან მიუღებელი? მტკნარი სიცრუეა, რომ ამერიკული FARA-ს შემოღებას ანტინაცისტური პრევენციის ხასიათი ჰქონდა 1938 წელს. ამ კანონმა წინამორბედის როლი ითამაშა შემდგომი კანონის მისაღებად: "იმ პოლიტიკური პარტიების შესახებ, რომელთა საქმიანობა აშშ-ს ტერიტორიაზე კონტროლირდება უცხოეთიდან" - და ამ კანონის მიღებისთანავე არა "კუ-კლუქს-კლანი" ან რომელიმე ნაცისტურ/რასისტული დაჯგუფება დასაჯეს, არამედ "კომინტერნის" ხაზით დაფინანსებული ორი პარტია აკრძალეს: კომუნისტური და ამერიკის მუშათა პარტია! FARA-ს კანონმა გადაასწრო ფაშიზმის და კომუნიზმის დამარცხებას და შემდგომ წლებში არა თუ არ გაქრა ამერიკული სამართლებრივი ჰორიზონტიდან, არამედ არაერთგზის შესწორებებიც განიცადა და უკვე თანამედროვე ეპოქაში დგას ქვეყნის სადარაჯოზე, უცხოური ჯაშუშების გამოვლენის მიზნით, როგორც ეს რუსეთის მოქალაქე-სტუდენტის, მარია ბუტინას მიმართ განხორციელდა, რომელსაც სწორედ რომ FARA-ს დარღვევის გამო 18-თვიანი ციხე მიუსაჯეს. ქართული, ეროვნული კანონპროექტი არავის არ ემუქრება ციხით, როგორც ეს FARA-ს მსგავსად, ბრიტანული კანონპროექტიც აპირებს და 5-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს ჯარიმრბთან ერთად. ქართული კანონპროექტი არ ეხება ფიზიკურ პირებს: პუბლიცისტებს, პოლიტოლოგებს, პედაგოგებს, სტუდენტებს, მხატვრებს, მეცნიერებს, სპორტსმენებს!!! საქართველოც ისრაელის მსგავსად - ომშია, ბრიტანეთის მსგავსად - ზრუნავს პასუხგაუცემელი კითხვების ველი არ დატოვოს უცხოური გავლენების აქტივობების მიმართ და დიახ, საქართველო აუცილებლად მიიღებს ამ სფეროს მარეგულირებელ და ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებზე მორგებულ ეროვნულ კანონს!“ - წერს დავით ქართველიშვილი.