17-07-2018
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილებმა - გიორგი ჩერქეზიშვილმა და გენადი არველაძემ ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში დაღუპული მეშახტეების ოჯახები მოინახულეს და პირადად მიუსამძიმრეს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, პრემიერ მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი კაკაურიძე და წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი მაია ზავრაშვილი.
როგორც გიორგი ჩერქეზიშვილმა დაღუპული მეშახტეების ოჯახებთან შეხვედრისას აღნიშნა, ეს არამარტო მათი, არამედ მთელი საქართველოს დანაკარგია და ხელისუფლება ყველაფერს იღონებს, რათა ასეთი ტრაგედიები აღარ განმეორდეს. მისივე თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს შრომის უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დასამკვიდრებლად, რისთვისაც აქტიური მუშაობა უკვე დაწყებულია. ამასთან ერთად, მომხდართან დაკავშირებით ტექნიკური უსაფრთხოების ნაწილში ინსპექტირება განხორციელდება.
ტყიბულში მინდელის სახელობის შახტში დღეს 4 მეშახტე დაიღუპა, 6 მეშახტე კი დაშავდა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გიორგი ჩერქეზიშვილი და გენადი არველაძე მთელი დღის განმავლობაში ტყიბულში იმყოფებოდნენ და ადგილზე პირადად გაეცნენ ვითარებას.