გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

„ბიომრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის განხილვას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ნინო თანდილაშვილი დაესწრო

28-02-2023

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, ინტენსიურად მუშაობს „ბიომრავალფეროვნების შესახებ“ კანონპროექტზე. ჩვენ უნდა მოვახერხოთ და მივიღოთ ისეთი კანონი, რომელიც, ერთი მხრივ, მოემსახურება ჩვენი ქვეყნის ბიომრავალფეროვნების დაცვას, მეორე მხრივ, არ შეაფერხებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა კანონპროექტის განხილვის მიზნით გამართულ შეხვედრაზე.


„ბიომრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო 2021-2024“-ს ფარგლებში შემუშავდა.


როგორც ნინო თანდილაშვილმა აღნიშნა, კანონპროექტი სრულად ასახავს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ევროდირექტივების შესაბამის მოთხოვნებს და მნიშვნელოვან სტანდარტებს.


„პროექტი, რომელიც არის მიმართული ბიომრავალფეროვნების კარგვის შეჩერებაზე და ჰაერის ხარისხის კონტროლის გაუმჯობესებაზე ითვალისწინებს სამინისტროს და სხვადასხვა სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ მიიღოს კანონი, რომელიც თანხვედრაში იქნება საერთაშორისო ვალდებულებებთან და უპასუხებს იმ გამოწვევებს, რაც განპირობებულია კლიმატისა და გლობალური ცვლილებებით“, - განაცხადა საქართველოში შვედეთის საელჩოს გარემოსდაცვითი პროგრამის ხელმძღვანელმა ხათუნა ზალდასტანიშვილმა.


შეხვედრას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილენინო ენუქიძე, საქართველოს პარლამენტის წევრები გიორგი ცაგარეიშვილი, სალომე ქურასბედიანი, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ თავმჯდომარე მარიამ ქიმერიძე და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა კანონპროექტთან დაკავშირებული საკუთარი მოსაზრებები და რეკომენდაციები გამოთქვეს, რომელიც საბოლოო დოკუმენტში იქნება გათვალისწინებული.


აღსანიშნავია, რომ შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მიერ დაფინანსებული პროექტი „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“ მიზნად ისახავს გარემოს ეროვნული სააგენტოს, ველური ბუნების სააგენტოსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებას, მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესებასა და საქართველოს ბუნებრივი რესურსების მდგრადი დაცვის, აღდგენისა და მართვის ხელშეწყობას. პროექტის საერთო ბიუჯეტი 56 500 000 შვედურ კრონას შეადგენს. პროექტის ხანგრძლივობა 3 წელია.