28-02-2023
გუშინ მივიღეთ ინფორმაცია, რომ სამწუხაროდ, არსებობენ გარკვეული ადამიანები, რომლებიც აჯერებენ სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომ მათ შეუწყდებათ დაფინანსება, ისინი დარჩებიან ხელფასების გარეშე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ბოლოს ყველა დარწმუნდება, ამ პიარული ნარატივიდან, პიარული თავხედობიდან გამოვა ყველა და დარჩება შავით თეთრზე დაწერილი მხოლოდ გამჭვირვალობის მიზანი.
„ცალსახად, გარანტირებულად შემიძლია ვთქვა, ეს ცალსახა პროვოკაცია და ტყუილია. ბოლოს ყველა დარწმუნდება, ამ პიარული ნარატივიდან, პიარული თავხედობიდან გამოვა ყველა და დარჩება შავით თეთრზე დაწერილი მხოლოდ გამჭვირვალობის მიზანი. არცერთი ბენეფიციარი ამით არ და ვერ დაზარალდება. ამის სრულ გარანტიას ვიძლევით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ორივე ვერსია ვენეციის კომისიაში გაიგზავნება. ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
14 თებერვალს „ხალხის ძალამ“ საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი დაიწუნა და მასში გარკვეული საფრთხე დაინახა.
21 თებერვალს კი „ხალხის ძალის“ ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ მოძრაობა კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიასა წარადგენს, რომელიც ამერიკული კანონის ზუსტი თარგმანი იქნება.