28-02-2023
„ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა, POSTV-ის ეთერში, საზოგადოებრივი მოძრაობის მიერ პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე, საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, მიზანმიმართულად ვრცელდება დეზინფორმაცია.
„ერთ-ერთი გავრცელებული ცრუინფორმაცია და ცრუ აღქმა იმაში მდგომარეობს, რომ ამბობენ, თითქოს ყველაფერი ისედაც გამჭვირვალეა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ისედაც ყველაფერი იცის. შეიძლება, ფინანსთა სამინისტრომ და შემოსავლების სამსახურმა იცის, მაგრამ ჩვეულებრივმა, რიგითმა მოქალაქეს ამის შესახებ, არ აქვს ინფორმაცია. ის ინფორმაცია, რომელიც გამჭვირვალეა და განთავსებულია ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე, არის ფრაგმენტული და მთლიანი სურათის დანახვის საშუალებას არ იძლევა. გარდა ამისა, ძალიან მცირეა იმ კეთილსინდისიერი არასამთავრობო ორგანიზაციების რიცხვი, რომლებიც თავიანთი ფინანსური ანგარიშგების შესახებ ათავსებენ ინფორმაციას თავიანთ ვებგვერდზე. მაგალითად, „დროა“, „სირცხვილია“ - ვიცით მათი ფინანსური ანგარიშგების შესახებ რამე? - არაფერი ვიცით, არა?! გარდა ამისა, ეს ანგარიშგება და ინფორმაცია იმ რამდენიმე კეთილსინდისიერი ორგანიზაციის მიერაც სხვადასხვა ფორმატშია წარმოდგენილი სხვადასხვა ვებგვერდზე, ანუ იოლად ხელმისაწვდომი არ არის.
და რა არის ცუდი იმაში, რომ ეს ყველაფერი იყოს თავმოყრილი ერთ ვებგვერდზე, ერთიანი ფორმატით, რომ რიგითმა მოქალაქემ იოლად შეძლოს ამ ყველაფრის ნახვა?! მეორე მხრივ, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, რომელიც, სხვათა შორის, ასოცირების თითქმის ყველა მუხლს გასდევს „ლაიტმოტივად“, ნიშნავს არა იმას, რომ ინფორმაცია იყოს გამოქვეყნებული სადღაც, ვებგვერდის რომელიღაც მიყრუებულ ნაწილში, ისე, რომ თვალში არავის მოხვდეს, არამედ იმას, რომ ინფორმაცია იყოს ადვილად ხელმისაწვდომი - სწორედ ეს არის რეალური გამჭვირვალობა და ანგარიშგება.
ერთ საინტერესო სტატისტიკას მოგაწვდით: „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, თავს დებს, რომ გამჭვირვალობას უწყობს ხელს, თუმცა მათ მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაშიც არ არის ნათლად ასახული, რამდენს იღებენ, რაში ხარჯავენ ამ ფულს, რამდენი აქვთ სახელფასო ფონდი და ასე შემდეგ. ახლა მათ გამოაქვეყნეს ინფორმაცია, რომ თურმე საქართველოში პოლიტიკური პარტიების დაფინანსება 5 მილიონ ლარს შეადგენს. დაახლოებით იგივე რაოდენობით ფინანსდება ეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოც“.
საიდან ფინანსდება, ანუ, ასე ვთქვათ, ვინ არის დონორი? 5 მილიონი ლარი საქართველოს მთელს პოლიტიკურ სპექტრსაც და 5 მილიონი ლარი „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსაც“? გარდა ამისა, დაახლოებით 12 მილიონი ლარი არის 4 ძირითადი ენჯეოს, „ისფედის“, რომელიც ცნობილია არჩევნების მონაცემთა გაყალბებით, „ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საერთო დაფინანსება 12 მილიონ ლარს შეადგენს.
საინტერესოა, არა, რას აკეთებენ?! ამას გარდა, არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: მოგეხსენებათ, ევროპის საბჭოში ფუნქციონირებს ისეთი ორგანო, როგორიც არის „მანივალი“, რომელიც დაახლოებით იგივეა ფინანსური ტრანზაქციების სფეროში, როგორც, მაგალითად, ვენეციის კომისია ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. მათი ანგარიში, რომელიც 2020 წელს გამოქვეყნდა, პირდაპირ მიუთითებს, რომ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური საქმიანობა და ანგარიშგება არ არის გამჭვირვალე და საქართველომ რაღაც ზომები, რეგულაციები და კანონები უნდა მიიღოს, რათა გაიზარდოს მათი გამჭვირვალობა. ასეთი პირდაპირი მითითება გვაქვს ევროპის მხრიდან.
ასე რომ, გაოცებული ვარ და საერთოდ არ მესმის, საიდან მოვიდა ეს ნარატივი, რომ ეს არ არის ევროპული პრინციპი და არ არის სვლა ევროინტეგრაციისკენ“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.