გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მიხეილ ჩხენკელმა იაპონიის ელჩთან სამუშაო შეხვედრა გამართა

2-03-2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა იაპონიის ელჩთან საქართველოში იმამურააკირასთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მასთან განათლების სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

 

მინისტრმა მადლობა გადაუხადა იაპონიის ელჩს მრავალწლიანი ნაყოფიერი პარტნიორობისთვის და განაცხადა, რომ იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოში განათლებისა და მეცნიერების სისტემის განვითარების კუთხით არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა.

 

იმამურააკირამ მიხეილ ჩხენკელს იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების ახალი მრჩეველი, მასაჰირა კატო წარუდგინა, რომელიც საქართველოსა და JICA-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში 2022 წლიდან რეგულარულად არის ჩართული ადრეული და სკოლამდელი განათლების სისტემის რეფორმის პროცესში. შეხვედრას იაპონიის საელჩოს ატაშე სუგინაკარიოსეიც ესწრებოდა.

  

მიხეილ ჩხენკელმა იაპონიის ელჩთან საუბრისას ყურადღება ასევე გაამახვილა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიის (2022-2030) მნიშვნელობაზე, რომელიც  მდგრადი განვითარების მიზნებს ითვალისწინებს და ხელს უწყობს მიმდინარე განათლების რეფორმის ფარგლებში მიღწეული შედეგების გამყარებას.

  

შეხვედრის ფარგლებში მინისტრმა იაპონელ სტუმრებს განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და საუბრისას მისი განვითარების პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრის თქმით, უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე.

  

მიხეილ ჩხენკელის შეფასებით, უნივერსიტეტის მაღალ სტანდარტსა და ინტერნაციონალიზაციის ხარისხს განაპირობებს ის მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტულ დარგში აკადემიური პროგრამების შექმნას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით. მინისტრმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტში ამ ეტაპზე მოქმედი პროგრამები მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ანალოგს წარმოადგენს. მისი განცხადებით, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა აქტიურად გრძელდება და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ეტაპობრივად ემატება ახალი აკადემიური პროგრამები განათლების სამივე საფეხურისათვის. მიხეილ ჩხენკელის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მზად არის  აქტიურად ითანამშრომლოს იაპონიის წამყვან უნივერსიტეტებთან ერთობლივი აკადემიური პროგრამების განხორციელების მიზნით.

 

როგორც მინისტრმა განაცხადა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომელმაც ოპერირება 2020 წელს დაიწყო, სწრაფად მზარდი რეიტინგი აქვს, რაც იმის მანიშნებელია, რომ მისი განვითარება სწორი სტრატეგიით მიმდინარეობს – 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი რეიტინგში პირველია.

  

შეხვედრისას მიხეილ ჩხენკელმა ასევე აღნიშნა, რომ ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე შენდება ადრონული თერაპიის ცენტრი, სადაც ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით კვლევების წარმოების პროცესში საერთაშორისო სამეცნიერო წრეები ჩაერთვებიან. სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის ადრონული თერაპიის ცენტრის ულტრათანამედროვე ციკლოტრონები სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) უკვე აეწყო. აღსანიშნავია, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად განკუთვნილი იქნება სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში, ხოლო მეორე მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას. მინისტრის თქმით, ის ფაქტი, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად კვლევისთვის იქნება განკუთვნილი, განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან. ამის დასტურია ის, რომ მრავალმა ცნობილმა უცხოელმა მეცნიერმა, უკვე გამოთქვა სურვილი, ქართველ მეცნიერებთან ერთად ჩაერთოს კვლევით პროცესში. მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, კარგი იქნება, თუ ქართველი და იაპონელი მეცნიერები ადრონული თერაპიის ცენტრში ერთობლივ სამეცნიერო პროექტებს განახორციელებენ.