გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის გაცნობის მიზნით, რეგიონებში შეხვედრები მიმდინარეობს

2-03-2023

თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო საქონლის ღირებულების სუბსიდირებას ითვალისწინებს.

აღნიშნული პროგრამის დეტალების განხილვის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, დასავლეთ საქართველოში,  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და ფერმერებს ხვდება. ურეკის საზოგადოებრივ ცენტრში გამართულ შეხვედრას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გურიის რეგიონში ქეთევან მოისწრაფეშვილი   ესწრებოდნენ.

როგორც გიორგი ხანიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, პროგრამის მიზანი მეთხილეობის  დარგის განვითარების და საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობაა. თხილის ბაღების  მფლობელებს, მცენარეთა მოვლის საშუალებების შესაძენად,  ბარათზე დაერიცხებათ   ქულები - 1 ჰექტარზე  500 ლარის ოდენობით. მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის ფარგლებში მოხდება თხილის ბაღების მესაკუთრეთა კადასტრის შექმნა, რომლითაც  სრულად მოხდება არსებული ბაღების აღწერა და ინვენტარიზაცია.

„გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მსოფლიო ბაზარზე თხილის ფასი შემცირდა, რის გამოც, მეთხილე ფერმერებმა, გარკვეულწილად, თხილის ბაღების მოვლის მოტივაცია დაკარგეს. ახალი პროგრამა იქნება სტიმული და ხელს შეუწყობს ფერმერების მოტივაციის ზრდას. თხილის მოვლის საშუალებების შეძენა, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს,   სერტიფიცირებულ მაღაზიებში იქნება შესაძლებელი", - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

როგორც  სურსათის ეროვნული სააგენტოს  უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა აღნიშნა,  ფერმერების ინტერესების დაცვის მიზნით, სააგენტო მაქსიმალურად აკონტროლებს ბაზარზე განთავსებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხს. ამავდროულად, მავნებლებისგან თხილის დასაცავად,   წელსაც   გაგრძელდება აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები.

გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, ქეთევან მოისწრაფეშვილის განცხადებით,  გურიის რეგიონში   აქტიურად მიმდინარეობს  თხილის კადასტრის პროგრამა;  უმეტეს სოფლებში მონაცემების შეჯამება უკვე დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, პროგრამის ფარგლებში, დღეის მდგომარეობით,  37 ათასი ჰექტარი ფართობი თხილის  ბაღია რეგისტრირებული; ბაღების მფლობელების,  თანამესაკუთრეების  ჩათვლით,  რაოდენობა  85 ათასზე მეტს შეადგენს.  

თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის გაცნობის მიზნით გამართულ შეხვედრას თხილის მწარმოებელთა ასოციაციის, გადამამუშავებელი სექტორის, ექსპორტიორები და  ჩამბარებელი პუნქტების წარმომადგენლები  ესწრებოდნენ.