3-03-2023
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ 2008 წლის აგვისტოს ომის გმირების ოჯახის წევრებს დედის დღე მიულოცა.
აგვისტოს ომის გმირი ამირან შაინიძე ერგნეთთან ჩამოგდებულ ჭურვს ემსხვერპლა. მას მიღებული აქვს მედალი მხედრული მამაცობისთვის. ამირან შაინიძეს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.
მთავრობის წევრებმა დედის დღე მიულოცეს აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის, რომან ზოიძის დედასა და მეუღლეს. კაპრალი გმირულად დაიღუპა შინდისის მისადგომებთან. რომან ზოიძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მე-III ხარისხის ორდენით.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო დედის დღესთან დაკავშირებით, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ომის ვეტერანებისა და 2012 წელს ავღანეთში, სამშვიდობო მისიის დროს დაღუპული ჯარისკაცების დედებსა და მეუღლეებს 1 000 ლარს გადასცემს. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნული დახმარება მომავალი წლიდან გაორმაგდება. ოჯახები აგვისტოს თვეშიც მიიღებენ დახმარებას 3 000 ლარის ოდენობით.
ომში დაღუპული მებრძოლების ოჯახებს მთავრობის მეთაურთან ერთად, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი თინა ზოიძე სტუმრობდნენ.