19-07-2018
ზაფხულის სეზონისა და ტურისტული ნაკადის ზრდასთან ერთად, ქალაქ ბათუმში 114 ლოკაციაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მერიის მხარდაჭერით, 125 ზოგადი ხედვის კამერა სრული დატვირთვით აამოქმედა. ამის შესახებ 1tv წერს.
ამავე ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირების გარდა, კამერები დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, კრიმინალური შემთხვევების უმოკლეს ვადაში გახსნასა და ზოგადად უსაფრთხო გარემოს გაძლიერებას შეუწყობს ხელს. შინაგან საქმეთა სამინისტრო უახლოეს მომავალში, ბათუმში კიდევ 80 ზოგადი ხედვის კამერის ამოქმედებას გეგმავს.
რაც შეეხება გადახდის წესს. სამართალდამრღვევს, ჯარიმის დაფიქსირებისთანავე, დარღვევის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ეცნობება. საგზაო უსაფრთხოების სფეროში ჩადენილ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ვიდეოჯარიმის შესახებ ინფორმაციის მოკლე ტექსტური შეტყობინების (sms) საშუალებით მიღების შემდეგ, ჯარიმის ათი კალენდარული დღის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში, პირი სარგებლობს 20%-იანი შეღავათით.
ასევე ცნობილია, რომ თუ პირი მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში ვიდეოჯარიმას არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება, ხოლო ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება.
"საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას ოფიციალურ ვებგვერდზე: www.police.ge; საჯარიმო ქვითარი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა.
ვიდეო ან ფოტოფირზე დაფიქსირებული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრული ჯარიმა მოქალაქემ უნდა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. გადაუხდელობის შემთხვევაში, მას დაერიცხება საურავი, რომლის გადაუხდელობის შემთხვევაში – ამოქმედდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იძულებითი აღსრულების წესი“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.