7-03-2023
საქართველოში, თითოეულ ქართველთან შეხვედრისას, ყველა ოჯახში სტუმრობისას თქვენ შეხვდებით ფენომენს, რომელიც ლეიტმოტივად გასდევს მთელ ჩვენს ისტორიას - ქართულ სტუმართმოყვარეობას, რომელიც მართლაც უსაზღვროა-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტურისტული გამოფენის - ITB Berlin 2023-ის საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოში სტუმარი უფლის საჩუქრად მიაჩნიათ და ყველაფერი საუკეთესო მისთვის ემეტებათ. ქართველისთვის სტუმართმოყვარეობა იდენტობის განმსაზღვრელი, ხელშეუხებელი, დროისა და გარემოებების ცვლილებების მიუხედავად, მუდამ ცოცხალი ტრადიციაა და ქართული ხასიათის ეს უნიკალური თვისება არსად გამქრალა ისტორიის ყველაზე რთულ, დრამატულ პერიოდებშიც კი.
პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს უნიკალურ ბუნებასა და დაცულ ტერიტორიებზე ისაუბრა, რომლის ხილვაც გულგრილს ვერავის ტოვებს.
„შეუძლებელია აღნიშვნის გარეშე დავტოვო საქართველოს უნიკალური ბუნება. ჩვენი ბუნებრივი საგანძურის ხილვა გულგრილს ვერავის ტოვებს - საქართველოს ჭარბტენიანი ტერიტორიები, UNESCO-ს გადაწყვეტილებით, მსოფლიოს 213 ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხას დაემატა და ღირსეული ადგილი მოიპოვა ამაზონის ტყის, გრანდ კანიონის ეროვნული პარკის, იელოუსტოუნის ეროვნული პარკის, მთა ეტნას, შვეიცარიის ალპების გვერდით. არცთუ დიდ ფართობზე, ჭარბტენიან ტერიტორიებთან ერთად, საქართველო თავს იწონებს მაღალი მთის უნიკალური ეკოსისტემებით (ყაზბეგი, თუშეთი, ხევსურეთი), ნახევრად უდაბნო ვაშლოვანით, სადაც შექმნილია ბიორეზერვატები. საქართველოს ტერიტორიაზე (ჯავახეთი და შავიზღვისპირეთი) გადის ფრინველთა საემიგრაციო გზა, რომელიც თავისი მნიშვნელობით მსოფლიოში მესამეა.
სწორედ ამიტომ, საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 12% დაცულია. დაცული ტერიტორიების ისტორია საქართველოში ლაგოდეხის ნაკრძალის შექმნით, 110 წლის წინ იწყება. ბუნებრივი სიმდიდრის დაცვა აქტიურად გრძელდება, რასაც დღეს, კლიმატის ცვლილებით შექმნილი გამოწვევის ფონზე, კიდევ უფრო დიდი და განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
დღეს, აქ, ამ ისტორიის, ჩვენი პატარა ქვეყნის დიდი კულტურის მხოლოდ მცირე ნაწილია წარმოდგენილი. იმედი გვაქვს, ეს თქვენ სურვილს გაგიჩენთ, ადგილზე ეწვიოთ ჩვენს ქვეყანას და უკეთ გაიცნოთ ჩვენი თვალწარმტაცი ბუნება, დიდი ისტორია და კულტურა, რაც მთავარია - მშრომელი, გულღია და უსაზღვროდ სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი.
იქ, თითოეულ ქართველთან შეხვედრისას, ყველა ოჯახში სტუმრობისას თქვენ შეხვდებით ფენომენს, რომელიც ლეიტმოტივად გასდევს მთელ ჩვენს ისტორიას - ქართულ სტუმართმოყვარეობას.
ისინი, ვინც უკვე ყოფილან საქართველოში - იცნობენ ამ ფენომენს და იციან, რომ ქართული სტუმართმოყვარეობა - მართლაც უსაზღვროა.
ქართული გამოთქმა ამბობს - სტუმარი - ღვთისაა. ჩვენთან სტუმარი უფლის საჩუქრად მიაჩნიათ და ყველაფერი საუკეთესო მისთვის ემეტებათ.
ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოები, დიდი ქართველი მწერლისა და პოეტის ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი" სწორედ ამ ტრადიციას, დაუწერელ, მაგრამ ყველასთვის სავალდებულო წესს აღწერს.
რა თქმა უნდა, სტუმართმოყვარეობა ყველა ხალხისთვისაა დამახასიათებელი, მაგრამ ქართველისთვის იგი იდენტობის განმსაზღვრელი, ხელშეუხებელი, დროისა და გარემოებების ცვლილებების მიუხედავად, მუდამ ცოცხალი ტრადიციაა. ქართული ხასიათის ეს უნიკალური თვისება არსად გამქრალა ისტორიის ყველაზე რთულ, დრამატულ პერიოდებშიც კი.
დღეს ჩვენ განსაკუთრებული როლი გვერგო - ჩვენ სტუმრად ვართ ევროპაში, და ამავდროულად, გმასპინძლობთ საქართველოს სახელით. ეს ჩვენთვის უდიდესი პატივია და მადლობას ვუხდით როგორც ტურიზმის საერთაშორისო გამოფენას, ისე გერმანიის მთავრობას",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.