10-03-2023
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმაჯაბა სამუშიამ სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს ჟანა ანდრეასიანს და დელეგაციის სხვა წარმომადგენლებს უმასპინძლა.
მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის საგანმანათლებლო და სამეცნიერო ურთიერთობის განვითარებისა და გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს. კერძოდ, განიხილეს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველოლოგიის ცენტრის შექმნის დეტალები და თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე არსებული არმენოლოგიის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების გაძლიერების საკითხი.
შეხვედრის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ და ერევნის უნივერსიტეტის რექტორმა ჰოვანეს ჰოვანისიანმა მოაწერეს.
მემორანდუმი ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კვლევით დაწესებულებებს შორის კავშირების გამყარებას, აგრეთვე, სტუდენტებისთვის ორმხრივი გაცვლითი პროგრამების განვითარებას. ხელშეკრულების ფარგლებში თსუ-ის არმენოლოგიის მიმართულების სტუდენტები განახორციელებენ მობილობას ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო ერევნის უნივერსიტეტის ქართველოლოგიის მიმართულების სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრებიან. გარდა ამისა, გამოცდილების გაზიარების მიზნით ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციები დაიგეგმება.
შეხვედრას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, თსუ თანამშრომლები ესწრებოდნენ.
სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ჟანა ანდრეასიანი დელეგაციასთან ერთად, თბილისში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის მოწვევით იმყოფება.