30-11-2017
Bloomberg-ის მიხედვით, რობოტებმა შესაძლოა, 2030 წლისთვის 800 მილიონი ადამიანის სამუშაო ადგილი ჩაანაცვლონ. აღნიშნულთან დაკავშირებით კვლევა საკონსულტაციო კომპანია McKinsey & Co.-მ ჩაატარა. კვლევის ობიექტს 46 ქვეყანა და 800 სამუშაო ადგილი წარმოადგენდა.
McKinsey-ის მიხედვით, რობოტები სამუშაო ადგილებს როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ქვეყნებში დაიკავებენ. ავტომატიზირებული ტექნოლოგიების განვითარება ყველაზე ნეგატიურად ისეთ პოზიციებს შეეხება, როგორიცაა სწრაფი კვების ობიექტებში მომუშავე პერსონალი და ბექ-ოფისში მომუშავე ადამიანები.
McKinsey Global Institute-ის თანახმად, იმ შემთხვევაშიც, თუკი რობოტების ზრდა სწრაფად არ განვითარდა, ავტომატიზირებული ტექნოლოგიის დამსახურებით 400 მილიონ ადამიანს ახალი სამუშაო პოზიციის მოძებნა მოუწევს.
„დროთა განმავლობაში, ცვლილებებთან შეგუება და ახალი საქმის კეთების სწავლა ყველას მოგვიწევს,“ განაცხადა McKinsey-ის პარტნიორმა სან-ფრანცისკოში, მაიკლ ჩუიმ.
გასულ კვირას ცნობილმა ამერიკულმა მედიასაშუალება CNBC-იმ, ცნობილი ჩაის მწარმოებელი შრი-ლანკური კომპანიის, Dilmah Tea-ს გენერალურ დირექტრო დილჰან ფერნანდოსთან ინტერვიუ ჩაწერა. მისი განცხადებით, ჩაის ინდუსტრიაში რობოტების გამოჩენის შემდეგ მილიონობით ადამიანი სამუშაო ადგილს დაკარგავს. „დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ვნახავთ, თუ როგორ კრეფენ ჩაის რობოტები, ან დრონები,“ განაცხადა დილჰან ფერნანდომ.
დილჰან ფერნანდოს ვარაუდის გამართლების შემთხვევაში, მსოფლიოში მნიშვნელოვანი ცვლილებები ნამდვილად მოხდება. მდგრადი განვითარების სააგენტოს, Solidaridad-ის მიხედვით, მსოფლიოში ჩაის ინდუსტრიაში დაახლოებით 13 მილიონი ადამიანია ჩართული, მათი უმრავლესობა კი ნაკლებად მდიდარ, განვითარებად ქვეყნებს წარმოადგენს: ჩინეთი, ინდოეთი, კენია და შრი-ლანკა.
მიმდინარე თვის დასაწყისში, ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიის, Tesla-ს გენერალურმა დირექტორმა, ელონ მასკმა, კომპანიის უახლესი თვითმავალი სატვირთო ავტომობილი წარადგინა. ავტომობილის გამოჩენა ბაზარზე მომდევნო წლებში იგეგმება. ანალიტიკოსების შეფასებით, 2025 წლიდან, თვითმავალი სატვირთო ავტომობილების გამოჩენის შედეგად, აღნიშნულ ინდუსტრიაში ყოველწლიურად 300,000 ადამიანი დაკარგავს სამუშაო ადგილს.
წყარო: commersant.ge