გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მარიამ ქვრივიშვილი: ITB Berlin 2023 - ზე საქართველოს აქტიური მონაწილეობა ქვეყანას ახალ სამიზნე ბაზრებზე გაიყვანს

10-03-2023

ბერლინის მასშტაბური ტურისტული გამოფენა ITB Berlin 2023 – ი ოფიციალურად დაიხურა. საქართველომ, როგორც გამოფენის ოფიციალურმა მასპინძელმა ქვეყანამ, გამოფენის 180-ზე მეტი სახელმწიფოს წარმომადგენელსა და 200 ათასამდე დამთვალიერებელს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ქვეყნის ტურისტული სექტორის პოტენციალის, ტრადიციების, სტუმარმასპინძლობისა და სხვა ღირსშესანიშნაობების შესახებ. საქართველოს სლოგანი გამოფენაზე იყო „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა". გამოფენა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მედიის 5000-მდე წარმომადგენელმა გააშუქა.


„ბერლინის გამოფენაზე ჩვენ გამორჩეულად საინტერესო და ყოვლისმომცველი პავილიონი გვქონდა. ჩვენ სტუმრებს გავაცანით საქართველო თავისი უნიკალური კულტურული მემკვიდრეობით, ბუნების ძეგლებით, გამორჩეული ფოლკლორით, უგემრიელესი სამზარეულოთი და მეღვინეობის უწყვეტი 8000-წლოვანი ისტორიით, რომლის გამოც მსოფლიო ჩვენს ქვეყანას სამართლიანად უწოდებს ღვინის სამშობლოს. ამავე დროს, ჩვენ თამამად შეგვიძლია ვიამაყოთ თანამედროვე მიღწევებითაც - მდგრადად განვითარებადი კურორტებით. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რათა საქართველო გახდეს კარგად განვითარებული ოთხი სეზონის ტურისტული ქვეყანა, რის გამოც ინვესტიციები ხორციელდება სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის ხდება ახალი, მიმზიდველი ტურისტული ადგილების, ბალნეოლოგიური კურორტების, საბაგიროებისა და სხვა ინფრასტრუქტურის, კონკურენტული სერვისების განვითარება," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.


მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ITB Berlin 2023 - ზე მასპინძელ ქვეყნად საქართველოს მონაწილეობა მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობას და ქვეყანას წარმატებით გაიყვანს ახალ სამიზნე ბაზრებზე, მათ შორის, გერმანიასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში. მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სექტორის ზრდის დინამიკას. „ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რათა ადგილობრივ საავიაციო ბაზარზე შემოვიდეს მეტი ახალი ავიაკომპანია, არსებულმა ავიაგადამყვანებმა კი გაზარდონ მიმართულებები და რეისების სიხშირე. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ევროპის მიმართულებებზე, რათა მეტმა ევროპელმა ტურისტმა შეძლოს საქართველოში მოგზაურობა," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.  


ITB Berlin 2023 - ზე საქართველოს პავილიონი 1000 კვ.მ.-მდე ტერიტორიაზე განთავსდა, სადაც 80-მდე ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი.

საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, გამოფენაში ასევე მონაწილეობდნენ თბილისის მერია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ტურისტული ასოციაციები, დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები და აეროპორტების გაერთიანება.