გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ეკა სეფაშვილი: უპასუხისმგებლო ოპოზიცია შეეცადა, ჩვენი კანონპროექტი „მაიდანიზაციისთვის“ გამოეყენებინა, რაც მისი უკან გამოთხოვის მიზეზი გახდა

11-03-2023

კანონპროექტის ან მსგავსი კანონის ხელმეორედ დარეგისტრირება მოსალოდნელი არ არის. ამ კანონპროექტთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიის წარმოებას ვგეგმავთ არა იმიტომ, რომ ის ხელმეორედ იყოს ინიცირებული, არამედ იმიტომ, რომ ამ კანონპროექტის წინააღმდეგ წარმოებული პიარკამპანია ფაშიზმში გადაიზარდა, - აცხადებს „ხალხის ძალის“ წევრი ეკა სეფაშვილი.

 

მისივე თქმით, რადიკალები გამიზნულად ცდილობდნენ ადამიანების შეცდომაში შეყვანას.

 

„ხელშესახები არგუმენტები, რაზეც მსჯელობა შეიძლებოდა, ან რაც საზოგადოების პროტესტის მუხტი შეიძლება გამხდარიყო, არ არსებობდა, ამიტომ გამოიყენეს უსაფუძვლო და ყალბი იარლიყები - „რუსული კანონი“ და „ევროინტეგრაციის კურსის შეცვლა“. ეს არის თავიდან ბოლომდე „ფეიკზე“ აგებული პიარკამპანია, რომელიც ამ კანონს დაუპირისპირეს. ეს არის ფაშიზმის პირდაპირი გამოვლენა - ამ ცრუ ნარატივით ახალგაზრდობის გარკვეული ნაწილი შეცდომაში შეიყვანეს, აქციებზე გამოიყვანეს და კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებშიც კი ჩართეს. კანონპროექტის ძირითადი მიზანი არის გამჭვირვალობა და ეს არის სწორედ ევროკავშირის სადამფუძნებლო ერთ-ერთი პრინციპი, რომელიც ლაიტმოტივად გასდევს ასოცირების შეთანხმების თითქმის ყველა მუხლს, ამიტომ კანონი ვერანაირად ვერ იქნება ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული რაიმე ძალისხმევა. გვეუბნებოდნენ, რომ რუსული კანონის მიღება არ უნდოდათ - რუსული კანონის მიღება არც ჩვენ გვინდა და ამას არასდროს დავუშვებთ; არ გვინდა ევროპული კურსის შეცვლაო - არც ჩვენ გვინდა და არც ამას დავუშვებთ“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

 

დეპუტატის თქმით, კანონპროექტთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება გაგრძელდება.

 

„ახლა არ შემიძლია იმის დეტალურად თქმა, თუ როგორ და რა შეხვედრებს გავმართავთ, ან კონკრეტულად ვის შევხვდებით. შეიძლება, შეხვედრები არ გავმართოთ, მაგრამ ვიყოთ სატელევიზიო გადაცემებში, რადიოში და დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანილი ნაწილი შეიცვლის განწყობას. უკვე დავრწმუნდით, რომ ამ ექსტრემისტულმა ოპოზიციურმა ნაწილმა, რომელმაც შეძლო ამ შეცდომაში შეყვანილი ახალგაზრდობის მიტინგზე გამოყვანა, უკვე დაიწყო პოლიტიკური განცხადებების გაჟღერება მთავრობის შეცვლის შესახებ.

 

უკვე ვნახეთ, რომ გიორგი ვაშაძეს არ მისცეს მიტინგზე მისვლის საშუალება, რადგან მიხვდნენ, რომ მას ჰქონდა მათი გულწრფელი ემოციების გამოყენების მცდელობა თავისი პოლიტიკური მიზნებისათვის, თან როგორი მიზნებისათვის - მთავრობის დამხობა, ხელისუფლების შეცვლა, არასტაბილურობა ქვეყანაში და ასე შემდეგ. ასევე ჩვენ ვიხილეთ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის „იუთუბ“ არხზე გავრცელებული ინფორმაცია, სადაც პირდაპირ ამბობს, მიშას გათავისუფლებაც უნდა მოვაყოლოთ ამ აქციასო, თუ პარლამენტთან არა, „ვივამედის“ კლინიკასთან მაინც გაირღვევა კორდონიო.

 

ანუ უკვე აშკარაა, რომ საზოგადოების ეს ნაწილი შეცდომაში იყო შეყვანილი და დღეს ვიხილეთ, რომ უკვე შემცირებულია მომიტინგეთა რაოდენობა სწორედ იმიტომ, რომ ისინი დარწმუნდნენ, რომ ეს კანონი არც რუსული იყო და არც კურსის შეცვლას არ ემსახურებოდა“, - აცხადებს ეკა სეფაშვილი.