13-03-2023
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 16 კომპანია იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ კვებისა და სასმელების გამოფენაში „Foodex Japan 2023“ მონაწილეობდა.
იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა 2014 წელს გაიმართა. შემდგომ წლებში, ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობდნენ გამოფენებში „Foodex Japan“ და „Wine and Gourmet Japan“, მოეწყო იაპონელი ღვინის პროფესიონალებისა და მედიის წარმომადგენლების ტურები საქართველოში და ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაციები იაპონიის სხვადასხვა ქალაქში.
განხორციელებული აქტივობების შედეგად, იაპონიაში ქართული ღვინის ექსპორტი მზარდია; 2022 წლის მონაცემებით, საქართველოდან იაპონიაში 231 ათასი ლიტრი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც 68%-ით მეტია 2021 წლის მაჩვენებელზე.
„აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობა იაპონიაში პროდუქციის პოპულარიზაციის, ბაზარზე შესვლის და დამკვიდრების, ასევე დისტრიბუტორი იაპონური კომპანიების მოძიების საუკეთესო გზას წარმოადგენს. „FOODEX JAPAN” 1976 წლიდან ტარდება და ის აზიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენად ითვლება. „Foodex Japan“-ში ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს 2015 წლიდან ეძლევა მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. COVID-19 პანდემიის გამო, 2019 წლის შემდეგ, ეს იქნება იაპონიაში ქართული ღვინის ყველაზე მასშტაბური წარდგენა“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, დავით ტყემალაძემ.
აღსანიშნავია, რომ, გამოფენის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს იაპონურ მარკეტინგულ და საკონსულტაციო კომპანიებთან.