20-07-2018
ქალაქ გორისა და თემის მაჟორიტარი დეპუტატები, იოსებ მაკრახიძე და თენგიზ ხუბულური, საპარლამენტო მანდატით 2016 წლის არჩევნების შემდეგ სარგებლობენ, თუმცა წელიწადისა და რვა თვის განმავლობაში, საკანონმდებლო ორგანოში, არც ინიციატივა დაუყენებიათ და არც საპარლამენტო ტრიბუნით უსარგებლიათ.
დეპუტატი იოსებ მაკრახიძე ფიქრობს, რომ სიტყვით გამოსვლა არ არის მთავარი და ამომრჩევლისთვის სიკეთის მოტანა პარლამენტის გარეთაც შესაძლებელია, - ,,მოიკითხეთ რამდენ მოქალაქეს ვხვდები ბიუროში, რამდენის პრობლემას ვისმენ და ვეხმარები მათ მოგვარებაში. საქმის კეთება მხოლოდ პარლამენტში განცხადებების კეთებაში არ გამოიხატება და მოსახლეობისთვის ყოველდღიურად გადატვირთულ რეჟიმში ვმუშაობ“.
,,მაკრახიძის ბიუროდან მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 2016 წლის ნოემბრიდან დღემდე ბიუროს წერილით მიმართა 231-მა მოქალაქემ. ზეპირსიტყვიერი კონსულტაცია 200 მოქალაქეს გაეწია, შესაბამის სამსახურებს ბიურომ 151 წერილი გაუგზავნა. ბიურომ პარლამენტარის ინიციატივით უზრუნველყო მოქალაქეთა უფასო სამედიცინო გამოკვლევა, რომლითაც დაახლოებით 550-მა მოქალაქემ ისარგებლა.“-წერია ბიუროს მიერ გამოგზავნილ წერილში.
კიდევ ერთი პარლამენტარი გორიდან, თენგიზ ხუბულური „მდუმარე დეპუტატთა“ სიაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ 2015 წლის ანგარიშითაც მოხვდა. ის მაშინ მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. ამჟამად თენგიზ ხუბულური საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდულ-სპორტული კომიტეტის წევრია. მის ბიუროში ადასტურებენ, რომ მაჟორიტარს პარლამენტში არც ინიციატივა დაუყენებია და თითქმის ორწლიანი დეპუტატობის განმავლობაში სიტყვითაც არ გამოსულა.
,,2016 წლის ნოემბრიდან დღემდე საკანონმდებლო ინიციატივები არ დაუყენებია თენგიზ ხუბულურს, მაგრამ 2017 წლის 18 ივნისს საქართველოს პარლამენტის წევრის ინიციატივით ჩატარდა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის გასვლითი სხდომა გორში. კომიტეტის წევრებმა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლები დაათვალიერეს და აღნიშნეს, რომ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.“- განმარტავენ დეპუტატის ბიუროში.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ქალაქ გორში იოსებ მაკრახიძემ ხმების (მეორე ტური) 84.9% (8518 ხმა) მიიღო. ხმების 73.93% (13607 ხმა) მოიპოვა გორის თემში თენგიზ ხუბულურმა. 2016 წლის ნოემბრიდან დღემდე მაკრახიძემ პარლამენტში 721 საკითხის სასარგებლოდ მისცა ხმა, 5 -ს კი მხარი არ დაუჭირა. თენგიზ ხუბულურმა 702 საკითხს დაუჭირა მხარი, 26-ზე კი უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა.