16-03-2023
ძალიან ვწუხვარ, რომ ქართულ რადიკალურ პარტიებს აქვთ შესაძლებლობა სტრასბურგის თუ ბრიუსელის სხვადასხვა კორიდორში იარონ და შეხვდნენ ევროპარლამენტის წევრებს და ა.შ. ამ დელეგაციაში [გიორგი ვაშაძე, ელენე ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე] ორი პარტია, „დროა“ და „გირჩი“, ოფიციალურად რადიკალები არიან. მათ საქართველოს პარლამენტის წევრის მანდატები დატოვეს და იმავეს მოუწოდებენ ოპოზიციას გარედან ყოველდღე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიას ბრიუსელსა და სტრასბურგში ვიზიტის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ევროკავშირის მიერ პოლარიზაციის შემცირებისკენ მოწოდებების პარალელურად, რადიკალიზმის და ტყუილის კულტივაციით დაკავებული პარტიების ევრო-სტრუქტურებში მიღება, საქართველოში რადიკალიზმის წახალისებას უწყობს ხელს.
„დროას“ ლიდერი გამორჩეულია იმით, რომ დეზინფორმაციულ ბრიფინგებს ატარებს ორ კვირაში ერთხელ, აბრალებს ქვეყანას სანქციების გვერდის ავლას და ყოველ ჯერზე დადასტურდა, რომ ეს იყო ტყუილი. ამ ტყუილის და რადიკალიზმის კულტივაციით დაკავებულ პარტიებს, როცა ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურაში ხვდებიან, იმ კავშირის, რომელიც ამავე დროს ჩვენ მოგვიწოდებს დეპოლარიზაციისკენ - ეს არის საქართველოში რადიკალიზმის წახალისება.“ - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე განცხადებით, დადასტურდა, რომ მაშინ, როდესაც ქვეყანას კანდიდატის სტატუსი უნდა მიეღო, ოპოზიციონერი დეპუტატების ევროკავშირის სტრუქტურებში ვიზიტები არა საქართველოს პოპულარიზაციას, არამედ ხელისუფლების შელახვას ისახავდა მიზნად.
„კანდიდატის სტატუსის მიღებისას როცა ამბობდნენ, რომ თითქოს დაკავებულები იყვნენ პოპულარიზაციით და მსგავსი თემებით, აღმოჩნდა და ახლაც ადასტურებენ, რომ საუბრობენ შემდეგნაირად: საქართველოს ხელისუფლება არის ცუდი, ჩვენთან არის დიქტატურა, არაფერი არ ვარგა, მაგრამ ქართველი ხალხი არის კარგი და ამიტომ მოგვეცით სტატუსი - ეს არის აბსოლუტური მიამიტობა, ან პირდაპირი მავნებლობა. მე ქვეყნის ასეთი რეკლამირება არ გამიგია, რომ ვინმეს უთხრა, ხელისუფლება, სახელმწიფო, სისტემა, არაფერი არ ვარგა და ხალხს, რომელიც სადღაც ცხოვრობს მიეცი სტატუსი. რა თქმა უნდა, კანდიდატის სტატუსი როცა მიეცემა საქართველოს, სტატუსი მიეცემა საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც წარმოადგენს ქართველ ხალხს - ეს ასე იქნება და არა სხვანაირად“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.