23-07-2018
გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში მოვარდნილი ღვარცოფის შედეგად საცხოვრებელი სახლები და ნათესები დაიტბორა. დახოცილია შინაური ცხოველები და ფრინველები.
სტიქიის გამო მოსახლეობის ევაკუაციაც გახდა საჭირო. დაზარალებულები რუსტავში, ერთ-ერთ სასტუმროში გადაიყვანეს.
მაშველები დასახლებაში თითქმის მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.
ადგილობრივების განცხადებით, სოფელში მდებარე არხმა მიმართულება რუსთავი-თბილისის ცენტრალური მაგისტრალის მშენებლობის დროს შეიცვალა და შესაძლოა სწორედ ეს შემთხვევა გამხდარიყო სოფლის დატბორვის მიზეზი.
„ათი წელია აქ ვცხოვრობ და არასდროს წყალი არ მოვარდნილა. ხიდთან არხი არ არის გაწმენდილი და ამის გამო დაგროვებული წყალი აქეთ წამოვიდა“-აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის რამაზ ბუდაღაშვილის განცხადებით კი, არხის მიმართულება არ შეცვლილა. უხვი ნალექი იყო, რამაც მთელი ტერიტორიის დატბორვა გამოიწვია.
„ველოდებით შესაბამის სპეციალისტებს, მოვლენ და დადებენ დასკვნას, თუ რამ გამოიწვია ეს ყველაფერი. არხს მიმართულება არ შეუცვლია. უბრალოდ უხვი ნალექი იყო და წყალი ვერ გაატარა“-განაცხადა გარდაბნის მერმა.
ადგილობრივებმა სტიქიისგან მიყენებული ზარალის დათვლა უკვე დაიწყეს.