20-03-2023
კომუნიკაციების კომისიის წევრი, ეკატერინე იმედაძე, ჟენევაში გამართულ საინფორმაციო კომუნიკაციების მსოფლიო სამიტის (WSIS) მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმის სესიაში „ხელშემწყობი გარემო" მონაწილეობდა. შეხვედრის ფარგლებში, ეკატერინემ საინფორმაციო ციფრული ტექნოლოგიების განვითარებაზე, ციფრული ტრანსფორმაციისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნასა და ამ პროცესში მარეგულირებელი ორგანოების როლზე ისაუბრა.
კომისიის წევრმა ასევე სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ბაზარზე კონკურენციის ხელშეწყობის, ბაზარზე შესვლის ბარიერების მოხსნისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით ComCom-ის მნიშვნელოვან ინიციატივებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით, კომისია სხვადასხვა ევროპული მოდელის მიხედვით ბაზრის მოთამაშეებისთვის ხელშემწყობ და კონკურენტულ გარემოს ქმნის. გარდა ამისა, მან საქართველოს რეგიონული შესაძლებლობები განიხილა და აღნიშნა, რომ კომუნიკაციების კომისიისთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით შეიქმნას მონაცემთა გაცვლის ცენტრი და საქართველო წყალქვეშა ციფრული დერეფნების გამოყენებით სამხრეთ კავკასიის ციფრული ჰაბი გახდეს.
საინფორმაციო საზოგადოების მსოფლიო სამიტი ITU-სა და გაერთიანებული ერების ერთობლივი ღონისძიებაა, რომელშიც საინფორმაციო-საკომუნიკაციო სფეროს ექსპერტები, პოლიტიკის განმსაზღვრელები და მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლები მონაწილეობენ და აქტუალური საკითხების განხილვასთან ერთად, ერთმანეთს თავიანთ პრაქტიკებს უზიარებენ. ფორუმი მაღალი დონის პოლიტიკური სესიებით დასრულდა, სადაც პოლიტიკის განმსაზღვრელი და მარეგულირებელი ორგანოების ხელმძღვანელებმა დაინტერესებულ საზოგადოებას დარგის განვითარებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან თემებზე მოსაზრებები გააცნეს.