22-03-2023
გაუგებარია რა დაინახეთ რუსული ჩემ ნათქვამში! ალბათ რუსულ ტალღებზე ისე ხართ გადართული, ყველაფერი რუსულად გეჩვენებათ უკვე! – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაკა ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმიანება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის Facebook სტატუსს.
როგორც ბოჭორიშვილი აღნიშნავს, ის კამპანია, რისი მონაწილეც გიორგი ვაშაძეა, მხოლოდ საქართველოს ევროპული მომავლის მტრის ინტერესშია.
„Giorgi Vashadze / გიორგი ვაშაძე გაუგებარია რა დაინახეთ რუსული ჩემ ნათქვამში! ალბათ რუსულ ტალღებზე ისე ხართ გადართული, ყველაფერი რუსულად გეჩვენებათ უკვე!
რომელია ტყუილი და დეზინფორმაცია?
– ის, რომ ევროკავშირის არც ერთი რეკომენდაციის შესრულებაზე თქვენ არ გიზრუნიათ?!
– ის, რომ არც ერთ შეხვედრას არ დასწრებიხართ პარლამენტში, რაც ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას შეეხებოდა?!
– ის რომ ბრიუსელში ყვებით, რომ ეს მთავრობა „რუსულია“ და არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს?!
ერის სახელით რომ საუბრობთ ბრიუსელში, საინტერესოა, ის თუ მოყევით, რომ საპროტესტო აქციზეც კი არ გაგაჩერათ ხალხმა თქვენ პირადად?!
თქვენი მხარდამჭერების რაოდენობაზე ახლა არაფერს ვიტყვი, 2024 წელს დაველოდები…
ძალიან კარგად ხვდებით, რასაც აკეთებთ და ისიც იცით, რომ მხოლოდ საქართველოს ევროპული მომავლის მტრის ინტერესშია ის კამპანია, რისი მონაწილეც ხართ.
ასე რომ, ვიდრე ჩემი შეგრცხვებათ, იქნებ საკუთარ ქცევაზეც დაფიქრდეთ, რას აკეთებთ საქართველოს ინტერესების დასაცავად და რა წვლილი შეგაქვთ ევროკავშირთან დაახლოებაში და მერე წეროთ ჩემზე რეპუტაციის შემლახავი პოსტები“, – წერს მაკა ბოჭორიშვილი Facebook-ზე.
ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ სოციალურ ქსელში დაწერა: „მაკა ბოჭორიშვილი შემთხვევით წაგაწყდი „ტვ იმედზე“, საქართველოს სირცხვილია, რომ შენ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ხარ! რუსულ დეზინფორმაციაში ასე თუ ჩაეწერებოდი არ მეგონა!“.