გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „კორტების სპეცოპერაციის" საქმეზე მსჯავრდებული პირების მიმართ ეროვნული სასამართლო პროცესები სამართლიანად ჩატარდა

23-03-2023

დღეს ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოქვეყნდა. მომჩივნები არიან ირაკლი ფირცხალავა (სპეცოპერაციის დროს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე) და გიორგი ცააძე (სპეცოპერაციის დროს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის მოადგილე).


როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2006 წლის 2 მაისს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, რომელშიც, სულ მცირე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 50 მაშინდელი თანამშრომელი მონაწილეობდა, 22 წლის ზურაბ ვაზაგაშვილსა და 25 წლის ალექსანდრე ხუბულოვს მანქანაში 70-ზე მეტი ტყვია ესროლეს. საქმეზე პირველადი გამოძიება, რომელიც 2006 წლის მაისში დაიწყო, მტკიცებულებების ფალსიფიკაციის ფონზე წარიმართა და საბოლოოდ 2007 წლის აპრილში შეწყდა.


საქმის ხელახალი გამოძიება 2012 წლის დეკემბერში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაიწყო, რომლის ფარგლებშიც განზრახ მკვლელობის, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებებით არაერთი ყოფილი პოლიციელი მიეცა პასუხისგებაში, მათ შორის, მომჩივნები. ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე დამნაშავედ იქნენ ცნობილი დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ფაქტზე.


ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) ფარგლებში მომჩივნები აცხადებდნენ, რომ ეროვნულმა სასამართლომ მიიღო  ბრალდების შვიდი მოწმის (რომლებიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ერთად იყვნენ მოთავსებული საკანში) ჩვენება მათ წინააღმდეგ როგორც მტკიცებულება სისხლის სამართლის საქმეზე. პირველი მომჩივნის დავის საგანს წარმოადგენდა, აგრეთვე, დაცვის მხარის მოწმეების სხდომაზე დასწრების უზრუნველყოფისა და მათი დაკითხვის შეუძლებლობა.


ევროპულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა მთავრობის პოზიცია და დაადგინა, რომ ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის მიმართ არ დარღვეულა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება.


კერძოდ, მომჩივანთა მიერ სადავოდ გამხდარი ჩვენებები არ წარმოადგენდა მათი მსჯავრდებისთვის ერთადერთ და გადამწყვეტ მტკიცებულებას. დამატებით, საქმეში არსებობდა მტკიცებულებათა კომპლექსური ერთობლიობა, მათ შორის, დამოუკიდებელ თვითმხილველთა ჩვენებები და ექსპერტიზის დასკვნები, რაც ადასტურებდა მომჩივანთა ბრალეულობას.


სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული მტკიცებულებები ერთობლიობაში ადასტურებდა, რომ ირაკლი ფირცხალავა ხელმძღვანელობდა „კორტების სპეცოპერაციას". სტრასბურგის სასამართლოს მითითებით, ეროვნული სასამართლოების დასკვნა, რომლის თანახმადაც, ირაკლი ფირცხალავამ დაგეგმა და განახორციელა სპეცოპერაცია შურისძიების მიზნით, დასტურდებოდა მოწმეთა ჩვენებებით და სხვა მტკიცებულებებით. ამასთან, ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა ეროვნული სასამართლოების პოზიცია, რომ სროლა არ  ყოფილა პროვოცირებული ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის (მსხვერპლები) მიერ და მათი მანქანიდან გასროლა მომჩივნების მისამართით არ მომხდარა, რაც დასტურდებოდა დამოუკიდებელი თვითმხილველი მოწმეების ჩვენებებითა და სხვა მრავალი მტკიცებულებით. კერძოდ, ერთ-ერთმა თვითმხილველმა დაადასტურა, რომ პირველი მომჩივანი (ირაკლი ფირცხალავა) ისროდა იარაღს მსხვერპლების მანქანის მიმართულებით. რაც შეეხება მეორე მომჩივნის (გიორგი ცააძის) ქმედებებს, ორი  თვითმხილველის მიერ დადასტურდა, რომ იგი მიუახლოვდა ზურაბ ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს და ცეცხლსასროლი იარაღიდან მოახდინა საკონტროლო გასროლები მათი მოკვლის მიზნით. ამასთან, ის ფაქტი, რომ მეორე მომჩივნის მიერ განხორციელებულ საკონტროლო გასროლამდე ორივე მსხვერპლი იყო ცოცხალი, თვითმხილველის ჩვენებასთან ერთად დადასტურდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზითაც.


ევროპულმა სასამართლომ, აგრეთვე, გაიზიარა მთავრობის პოზიცია და დაუშვებლად ცნო საჩივრის ის ნაწილი, რომელიც უკავშირდებოდა დაცვის მხარის მოწმეების სხდომაზე დაკითხვის უზრუნველყოფის საკითხს. სტრასბურგის სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ პირველ მომჩივანს ეროვნულ დონეზე არ ამოუწურავს სამართლებრივი დაცვის მექანიზმები და მას აღნიშნული პრეტენზიით არ მიუმართავს საქართველოს უზენაესი სასამართლოსთვის.


მითითებული გარემოებების მხედველობაში მიღებით სტრასბურგის სასამართლომ დაასკვნა, რომ სისხლის სამართლის პროცესი მომჩივნებთან დაკავშირებით იყო სამართლიანი და არ დარღვეულა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული სამართლიანი განხილვის უფლება.


აღსანიშნავია, რომ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმესთან დაკავშირებით, 2019 წლის 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება – „ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ". ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) დარღვევას, ვინაიდან 2006 წლის 2 მაისს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა, რამაც, სხვებს შორის, ზურაბ ვაზაგაშვილის სიკვდილი გამოიწვია, არ იყო პროპორციული და აუცილებელი.