გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თამარ ჩიბურდანიძე: ვეთანხმები კელი დეგნანს, ოპოზიციური მედიაგარემო ნამდვილად დავიწროვდა, ოღონდ სინდისში

26-03-2023

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის მიერ მედიის შესახებ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს: „ქალბატონო ელჩო, რატომ მიიჩნევთ საქართველოს მეორად სახელმწიფოდ, რომლისთვისაც დემოკრატიაც კი გადარჩეული და ჩამოფასებული გემეტებათ? რატომ გგონივართ რომელიმე ერზე ნაკლებად მოაზროვნე, ნაკლებად ტოლერანტი ან - ღირსეული? თქვენი დღევანდელი განცხადება, რომ არაფერი ვთქვათ წინა განცხადებებზე, ჩვენი კიდევ ერთი დიდი შეურაცხყოფაა. რამდენიც არ უნდა ისაუბროთ „ზოგიერთი მედიის დავიწროების“ შესახებ და ეს „დავიწროება“ ხელისუფლებას დააბრალოთ, ქართველი ხალხი ხედავს, რომ ოპოზიციური მედია დავიწროებულ-შევიწროებული კი არა, ხშირ შემთხვევაში, აღვირახსნილი და უსაფუძვლოდ ცილისმწამებელია. ის მედია, თქვენ რომ თანადგომა გამოუცხადეთ, ძალადობს ჩვენზე და მოსახლეობას საშინელ ტყუილებს უყვება.


ის მედია, თქვენ რომ გსურთ ტანჯულად შერაცხოთ, ტანჯავს და ანადგურებს ბევრის ოჯახს, აბულინგებს ყველას, ვინც მათ პარტიულ ინტერესებში არ შედის. და ბოლოს, ის მედია, თქვენ რომ გსურთ, კიდევ უფრო ზღვარგადასული იყოს, რათა უფრო კარგად მოატყუოს ხალხი, მედია არ არის.


ასეთ მედიას თქვენს ქვეყანაში ერთი დღე არ გააჩერებდნენ. ვიყავი თქვენს სამშობლოში და საკუთარი თვალით ვნახე ყველაფერი. სწორედ ამერიკელი მეცნიერები იბრძვიან დღეს პოლიტიზებული მედიის წინააღმდეგ, რომელიც ძალადობს საზოგადოებაზე ცრუ შეხედულებების ჩამოყალიბებით. თქვენ ამბობთ, რომ გსურთ საქართველო ამერიკასავით დემოკრატიული გახადოთ.


არ გვჯერა, რადგან ფაქტები სხვას მეტყველებს. გვჯეროდა სხვა ელჩების, რომლებმაც თავი ღირსებით და ნამდვილი დიპლომატიით დაგვამახსოვრეს. რომლებიც ცდილობდნენ, სწორედ ისეთი დემოკრატია ჩამოეტანათ ჩვენთან, როგორიც ამერიკაშია - კანონმორჩილი, არაძალადობრივი და არა ყალბი. თქვენ კი პირიქით, ცდილობთ, ისეთი მოსაზრება მოგვახვიოთ თავს, რაც თქვენს ქვეყანაში ერთი დღეც კი ვერ იარსებებს. ჩვენ კი ის გვინდა, რაც თქვენს ქვეყანაში ფასეულია და რაც თავსებადია ქართულ კულტურასთან.


ის მედია-საშუალებები, თქვენ რომ შერჩევით იცავთ, მხოლოდ სიცრუის მანქანებია, თავად ვიყავი მათი ცილისწამების მსხვერპლი. ქალბატონო კელი, მე ვერ გავიგონე თქვენგან ღია განცხადება იმ საშინელ ბულინგზე, რომელიც ეს დღეებია ხორციელდება ჩვენზე სწორედ თქვენი ფავორიტი პოლიტიკოსებისა და მათი პოლიტიზებული მედიის მხრიდან. ნამდვილად მსურდა გამეგო ჩემი საყვარელი ქვეყნის ელჩისგან მეცნიერების დაცვა იმ ძალადობისგან, რომელსაც ჩვენ განვიცდიდით.


პროფესიული ღირსება ასე ადვილად არ იქმნება, ამას წლები და უზარმაზარი შრომა სჭირდება. როდესაც ამხელა შრომას თქვენი ფრთის ქვეშ შეფარებული მედია და პოლიტიკოსები ერთ დღეში გვინადგურებენ, ბუნებრივია, აგრესია თქვენკენ მოდის. მე არ მინახავს ამერიკაში მსგავსი დამოკიდებულება პროფესორების მიმართ, არ მინახავს მსგავსი ძალადობა კონგრესმენების ოჯახებზე, რაც უშუალოდ ჩვენს დეპუტატებზე განხორციელდა. დიახ, სწორედ თქვენი ფავორიტი ტელევიზიები შეუვარდნენ დეპუტატებს ოჯახებში, შეეხნენ შვილებს, ოჯახის წევრებს და არ დატოვეს არაფერი წმინდა ამ ქვეყანაში. ვინც თქვენს ქვეყანაში ნამყოფი არ არის, შეიძლება მოტყუვდეს და ეგონოს, რომ სწორედ ისეთი დემოკრატიაა ამერიკაში, როგორსაც ჩვენ გვთავაზობთ. ეს ტყუილია და არავინ დაიჯეროს! ჩვენთვის რატომღაც დღეს მხოლოდ გადარჩეული ღირებულებები გემეტებათ. რატომ? ეს კითხვა გვაწუხებს ყველას, ვინც ნამდვილად მივუყვებით დემოკრატიის გზას სიმართლით და არა ტყუილებით. ერთ რამეში კი გეთანხმებით, ოპოზიციური მედია ნამდვილად დავიწროვდა, ოღონდ სინდისში“, - აღნიშნავს თამარ ჩიბურდანიძე.