30-03-2023
რაც შეეხება დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ბრძოლას, ვეკითხები იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ამერიკის ელჩს, ქ-ნ დეგნანს, ყოფილ სახალხო დამცველს და ა.შ. - ეს ფაქტი, რაც „პოსტივის“ და „პოსტივის“ ჟურნალისტის წინააღმდეგ ხორციელდება, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა არ არის? თუ ეს დემოკრატიაა?, - ამის შესახებ გადაცემაში „პოლიტიკური პოსტი“ „ხალხის ძალის“ წევრმა, თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა.
მისი თქმით, როცა ბრალდებებში პოლიტიკური შინაარსი იკვეთება, მათ რეალურობაში ეჭვის შეტანა ბუნებრივია.
„ის სიბინძურე და ცილისწამება, რომელიც „პოსტივის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, შალვა რამიშვილის მიმართ მოდის, მძიმე მოსასმენია. მე ქალი ვარ და, რა თქმა უნდა, ქალის უფლებებს ვიცავ უპირველეს ყოვლისა. ცხადია, ჩემი მხარდაჭერა ყველა ქალს ექნება, მაგრამ... როცა პოლიტიკა დუღს, როდესაც ოპოზიციას სჭირდება რომელიღაც ჟურნალისტის, რომელიღაც ტელევიზიის გაშავება, მაშინ ახსენდებათ შალვა რამიშვილისგან ძალადობა? აქამდე სად იყვნენ? ამ „ფაქტების“ სიყალბე იცით სად ჩანს? როდესაც ოპოზიციას ეს ქალბატონები და გოგონები პოლიტიკურ იარაღად სჭირდება და ისინიც მაშინ ამბობენ [ე.წ. შევიწროების შესახებ], იქ უკვე წერტილია დასმული“.
თამარ ჩიბურდანიძის განცხადებით, „პოსტივი“ საქართველოს დღევანდელი დღისთვის, მისი გადარჩენისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მეორე ფრონტი საქართველოში არ გახსნილა, ყოველდღიურად საინფორმაციო ომი მიმდინარეობს, რომლითაც რადიკალები ცდილობენ, რომ საზოგადოება სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანონ.
„დიახ, ჩვენ ბრძოლაში ვართ, უკვე დიდი ხანია. ერთი წელია, ფაქტობრივად, მეორე ფრონტი არ გახსნილა საქართველოში, ტყვიებს არ ვესვრით ერთმანეთს, მაგრამ ყოველდღიურ ომში ვართ - ერთმანეთს ვებრძვით. მტერი საიდან გვიტევს, ამას ვერ ვხედავთ, რადგან მალულად, კულისებიდან გვესვრიან და ხვალ კიდევ რას მოგვიწყობენ, საიდან ვის გამოიყვანენ, რომელ ჯგუფს აალაპარაკებენ, ან რომელ ცილისწამებას გვესვრიან, არ ვიცით. მათი გეგმა არის საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირება.
ანალოგიური რამ ხდება, რაც ხდებოდა ზვიად გამსახურდიას პერიოდში. უნდათ, რომ საზოგადოების ორი ნაწილი ერთმანეთს დაუპირისპირდეს, გაისროლონ ტყვია, რაც მაშინ უნდოდათ იმ ახალგაზრდების ხელით რუსთაველზე, შემდეგ უკვე საქართველო იქცეს მეორე ფრონტის პოლიგონად, რითაც ჩვენ მთლიანად დავკარგავთ ქვეყანას - ეს არის მათი ჩანაფიქრი. ხოლო რა არის თქვენი ტელევიზიის, ჩვენი ანალიტიკოსებისა და პოლიტიკოსების მიზანი? - არ მივცეთ მტერს ამ მიზნის შესრულების საშუალება.
არც მივცემთ! ამას ვეუბნები საქართველოს მოსახლეობას, რადგან მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მხარდაჭერას დღეს, როგორც არასდროს, ისე ვგრძნობთ. დღედაღამ არ ჩერდება ჩვენი ტელეფონები, ახალგაზრდები, ზრდასრულები, თუ პენსიონერები ერთადერთ რამეს გვთხოვენ, რომ არ დავნებდეთ, არ დავიღალოთ და არ ვინერვიულოთ, რადგან ჩვენ უკან სამშობლოა. ჩვენი ერთი ნაბიჯი უკან და, ჩათვალეთ, რომ სამოქალაქო ომია საქართველოში“, - აცხადებს თამარ ჩიბურდანიძე.