გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ნინო წილოსანი: რაც დარჩება ისტორიას, არის ის რეფორმები, რაც ქალების ინტერესებისთვის გაატარა ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მხოლოდ ბოლო ორ წელიწადში

30-03-2023

რაც დარჩება ისტორიას, არის ის რეფორმები, რაც ქალების ინტერესებისთვის გაატარა ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მხოლოდ ბოლო ორ წელში: მივიღეთ ახალი გენდერული თანასწორობის კონცეფცია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.


იგი იმის შესახებ საუბრობს, თუ რა გააკეთა გენდერულმა საბჭომ. მისი თქმით, ისინი ქალების ინტერესებისა და შესაძლებლობების დასაცავად საქმის კეთებას გააგრძელებენ.


„ბოლო დღეებში ბევრჯერ ვუხსენებივარ მე და გენდერული თანასწორობის საბჭო, თუ ოპოზიციონერ ქალებს, თუ ტელეწამყვანებს. განსაკუთრებულ ყურადღებას არ დავუთმობ მათი საქმიანობის დახასიათებას, ეს ანალიზი და შესაბამისი პოლიტიკური არჩევანის გაკეთება საზოგადოების საქმეა. ერთს კი ვიტყვი, რაც დარჩება ისტორიას, არის ის რეფორმები, რაც ქალების ინტერესებისთვის გაატარა ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მხოლოდ ბოლო ორ წელიწადში:


მივიღეთ ახალი გენდერული თანასწორობის კონცეფცია;პირველად ისტორიაში მივიღეთ ქალების ეკონომიკური გაძლიერების კონცეფცია;


ძალადობის მსხვერპლთათვის მოვხსენით აქამდე არსებული სავალდებულო სტატუსი, რათა უფრო მარტივად მიიღონ სახელმწიფო სერვისები და დახმარება;


ქალებისა და გოგოების ტექნოლოგიებში ჩართვის გაზრდის ვალდებულებით შევუერთდით გაეროს თანასწორობის ფორუმს;


შემოვიღეთ ყველა საკანონმდებლო აქტში გენდერული გავლენის ანალიზის ვალდებულება - ყველა ინიციატორი ახლა უკვე იმსჯელებს მისი ინიციატივა რა გავლენას მოახდენს ქალებზე;


გავაძლიერეთ ადგილობრივი გენდერული საბჭოები და გავააქტიურეთ გენდერული ბიუჯეტების დამტკიცების პრაქტიკა;


შემოვიღეთ სოფლის მეურნეობაში სპეციალურად ქალებზე მორგებული პროგრამა;


გავახანგრძლივეთ კვოტების მოქმედების ვადები;


კერძო სექტორში დასაქმებულთათვის გავზარდეთ დეკრეტული შვებულების თანხა, აღარ ვამბობ საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის უკვე არსებულ დეკრეტულ შვებულებაზე;


პარლამენტში გავხსენით მარო მაყაშვილის სახელობის ოთახი და დავაფუძნეთ გენდერული ჩემპიონებისთვის სპეციალური ჯილდო.


ჩატარებულია რამდენიმე საკვანძო თემატური მოკვლევა და მათ საფუძველზე გაცემული რეკომენდაციები, რომლებიც მიემართებოდა ქალების ფინანსურ რესურსებსა და ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობის ზრდას, პოლიტიკაში გენდერულ მეინსტრიმინგს და სხვა.


ამის გარდა, მიმდინარე რეჟიმში რამდენიმე ცალკე ჯგუფი მუშაობს შშმ ქალებისა და მარტოხელა მშობლის სტატუსის საკითხებზე, ალიმენტის და სხვა საკითხებზე და მჯერა, რომ ამ თემებსაც მალე მივიყვანთ ბოლომდე. იქამდე კი: 2017 წელს მოვახდინეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება. ცნობისთვის, უკრაინამ მანამდე პოლიტიკური ნების არქონის გამო, მხოლოდ ომის დროს შეძლო ამავე კონვენციის რატიფიცირება.


2019 წელს ირაკლი კობახიძის ლიდით მივიღეთ სექსუალური შევიწროების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები და 2020 წელს, ასევე ირაკლი კობახიძის მონდომებით, გენდერული კვოტები დავნერგეთ.


ეს ყველაფერი იმის შესახებ გენდერულმა საბჭომ რა გავაკეთეთ. იმ ადამიანებს კი, ზემოთ ვინც ვახსენე, ქალების უფლებების დაცვის მოტივით პოლიტიკურ ტალახს რომ ზელენ, პასუხის ღირსადაც არ ვთვლი. ამიტომ, ჩვენ საქმის კეთებას გავაგრძელებთ ქალების ინტერესებისა და შესაძლებლობების დასაცავად.


პ.ს ამ ყველაფრისთვის მადლობა ყველა განვითარების პარტნიორს, ვინც თავდაუზოგავად გვეხმარებოდა ამ პოლიტიკური რეფორმების გატარებაში, გენდერული საბჭოს ყველა წევრს, ჩვენი საბჭოს სამდივნოს არაჩვეულებრივ თანამშრომლებს“, - წერს წილოსანი.