24-07-2018
ტყიბულში მეშახტეები საპროტესტო აქციას განაგრძობენ. აქციის მონაწილეები "საქნახშირის" ადმინისტრაციაში მათ მიერ შერჩეული კადრების დანიშვნას, შახტის მუშაობის აღდგენასა და პრემიერ-მინისტრისგან შახტის ამუშავებამდე თანამშრომლებისათვის სახელფასო ანაზღაურების მიღების ოფიციალურ დადასტურებას ითხოვენ.
ამასთან, მეშახტეები მოითხოვენ, თანამდებობიდან გათავისუფლდეს "საქნახშირის" გენერალური დირექტორი ჯამბულ ჯაყელი. აქციის მონაწილეებმა ამ მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყეს.
გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილის თამაზ დოლაბერიძის განცხადებით კი, რამდენიმე ადამიანის შეცვლა შახტში არსებულ ვითარებას ვერ გამოასწორებს. ამიტომ აუცილებელია დროებით შახტების კონსერვაცია განხორციელდეს, ხოლო მას შემდეგ რაც გაუმჯობესდება უსაფრთხოების ნორმები, აღდგეს შახტებში მუშაობა.
"ვერავინ ვერ დაამტკიდებს და არ მჯერა ვინც იტყვის იმას, რომ რომელიმე კონკრეტული ადამიანის დანიშვნით, რომელიც ერთ კვირაში რაღაც ღონისძიებებს გაატარებს და ასე ვთქვათ, გამოასწორებს ვითარებას, ტყიბულში აღარ გვეყოლება მსხვერპლი. ამას სჭირდება სისტემური მიდგომა. ამიტომ პროპკავშირები ითხოვს, რომ დროებით დაკონსერვდეს შახტები, ამ პერიოდის განმავლობაში კი მეშახტეებს აუნაზღაურდეთ გაწეული სამუშაო და მოხდეს საფუძვლიანი შესწავლა იმისა, თუ რა უნდა გაკეთდეს შახტაში სამომავლოდ"-განაცხადა დოლაბერიძემ.
შეგახსენებთ, ტყიბულის შახტში ტრაგედია 16 ივლისს დატრიალდა. მინდელის შახტში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 მუშა დაიღუპა, 6 კი დაშავდა.