გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

პარლამენტის დელეგაცია ირლანდიის ევროპულ საქმეთა და ვაჭრობის მინისტრებს შეხვდა

31-03-2023

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს, ქალაქ დუბლინში ირლანდიის ევროპულ საქმეთა მინისტრს, პიტერ ბურკს და ვაჭრობის ხელშეწყობის მინისტრს, დარა კელერის შეხვდა.

პიტერ ბურკთან შეხვედრისას, მხარეებმა განიხილეს უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია და მისი გავლენა ევროპისა და შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაზე, ევროპის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების შესაძლებლობები და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე და ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე.

ნიკოლოზ სამხარაძემ მინისტრს რეგიონში არსებული გამოწვევების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარებისა და საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მან ხაზი გაუსვა 2023 წელს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ირლანდიის რესპუბლიკის მხარდაჭერის მნიშვნელობას. ესაუბრა ევროკავშირის ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმების შესახებ.

პიტერ ბურკმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ ირლანდიის ურყევი მხარდაჭერა დააფიქსირა და აღნიშნა, რომ ირლანდია მომხრეა ევროკავშირის გაფართოების და გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას როგორც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისანიჭებლად, ასევე გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ თბილისში ირლანდიის საელჩოს გახსნის საკითხი დააყენა.


ირლანდიის ვაჭრობის მინისტრთან შეხვედრისას მთავარ განსახილველ საკითხებს წარმოადგენდა საქართველო-ირლანდიას შორის სავაჭრო კავშირების გაძლიერება, შუა დერეფნის განვითარება, საქართველოში ირლანდიური ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობა და ახალი ეკონომიკური და ენერგეტიკული პროექტები. საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის სწრაფი განვითარების მნიშვნელობაზე, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ალტერნატიულ გზაზე და ამ პროცესში საქართველოს საკვანძო როლზე. ასევე, ხაზი გაესვა შავი ზღვის გავლით აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის დამაკავშირებელ ელექტროგადამცემი კაბელის პროექტის განხორციელების მნიშვნელობას, როგორც ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების ერთ-ერთ წინ გადადგმულ ნაბიჯს და საქართველოს გავლით არსებული ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტების მეტად ათვისების საჭიროებას.

ჩემს კოლეგებთან ერთად ნაყოფიერი შეხვედრები გვქონდა ირლანდიის მინისტრთა კაბინეტის წევრებთან. მათგან მოვისმინეთ დადებითი შეფასება საქართველოში მიმდინარე რეფორმების და ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ, რაც გამოწვეულია ბოლო 2 წლის განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური განვითარებით. მინისტრებმა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა დაგვიდასტურეს და გამოთქვეს მზაობა, რომ გააძლიერონ თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების დასაჩქარებლად და მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშესაწყობად. მომდევნო თვეების განმავლობაში ამ მიმართულებით მუშაობას გავააქტიურებთ. შევთანხმდით, რომ ივნისში საქართველოს ირლანდიის რესპუბლიკის მაღალი დონის დელეგაცია ეწვევა“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ირლანდიის რესპუბლიკაში. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი.