2-04-2023
„გლობალური ომის პარტია“ თავის „აკერმანის საძმოთი“, „ფრანკლინის კლუბით“, „დროათი“, „სირცხვილიათი“ და უამრავი ჩვენთვის ცნობილი პარტიებით, ორგანიზაციებითა და გვარებით, რა თქმა უნდა, ძირითად „სარევოლუციო“ ფსონს და „მაიდანის“ მოლოდინს საქართველოსთვის „სტატუსის“ საშემოდგომო არმინიჭებას უკავშირებდა, რისთვისაც ფინანსური და საორგანიზაციო რესურსების აკუმულირება სწორედ რომ ოქტომბრისთვის უნდა განხორციელებულიყო, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერს.
დავით ქართველიშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებამდე და გაწვევის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს განიხილავს და რადიკალების ჩაშლილ თუ მოქმედ გეგმებზე აკეთებს აქცენტს.
„ხალხის ძალა“ არაერთგზის ამახვილებდა საზოგადოების ყურადღებას იმასთან დაკავშირებით, რომ „მაიდანი“ და რევოლუცია, როგორც ქვეყანაში მეორე ფრონტის გასახსნელი უმოკლესი გზა, „გლობალური“ და „ლოკალური“ ომის პარტიების მიერ სახელისუფლებო გადატრიალების საუკეთესო ვარიანტად განიხილებოდა, რის ფონზეც მათ მღვრიე პოლიტიკურ წყალში „ოქროს თევზის“ დაჭერის საშუალება ეძლეოდათ.
ჩვენმა კანონპროექტმა მათ რიგებში მეორე სერიოზული დისონანსი შეიტანა. პირველი გაჩნდა მაშინ, როდესაც ლაქიებისგან განსხვავებით, ქვეყანაში ხმა საზოგადოებრივმა ძალამ ამოიღო, რომელმაც „გლობალური ომის პარტიის“ წარმომადგენლებთან თანაბარუფლებიანობის საფუძველზე გაბედა სიმართლის ენაზე გაერჩია ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხები და ოპონენტებისთვის უხერხული შეკითხვები დაესვა, მათი ავტორიტეტის დონის განურჩევლად. მესამე დისონანსმა - კანონპროექტის გამოწვევის სახით, მოწინააღმდეგის ბანაკში სრული მოულოდნელობა შეიტანა, ვინაიდან დაგეგმილზე ადრე - შემოდგომამდე, ვითარების „უკრაინიზაციის“ ასაგორებლად ეს დესტრუქციული ძალები მზად არ აღმოჩნდნენ.
არადა, ვადამდე ადრე მათ მაინც მოუწიათ მხოლოდ სიცრუესა და ცილისწამებაზე აგებული სარევოლუციო მუხტის გაღვივება. ამ „ფალსტარტმა“ მათი ზრახვები, მონაწილე კონტინგენტი, ბრძოლის ფორმები და მეთოდები გააშიშვლა. ძალადობის ღიად დაფიქსირებული ფორმები: პარლამენტის შტურმით აღების მცდელობა, პოლიციელებზე „მოლოტოვის კოქტეილებით“ თავდასხმა, ავტომანქანების გადაწვა და ა.შ. - „უწყინარი“ და „გამოგონილი“ ჟანრის ფარგლებიდან გამოვიდა და კონკრეტული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის კონტურები შეიძინა, რომლის უსამართლო, ტრადიციულ გაპროტესტებას, დღეს „გლობალური ომის პარტიის“ მესვეურებიც კი ვერ ბედავენ. „ფეიკსა“ და სიცრუეზე აგორებულმა კამპანიამ, ტრიბუნაზე მდგომი ახალგაზრდების სახით, თვით ვერშემდგარი რევოლუციონერებიც კი „რუსული ხომალდის მისამართით“ გააშვებინა. რადიკალების გეგმა ჩაიშალა. სამედიცინო ენაზე მათ დაემართათ ის, რასაც „ნაადრევი ეაკულაცია“ ჰქვია. განაყოფიერება ვერ შედგა - „მაიდანი“ ვერ ჩაისახა, ხოლო ამ უშედეგო პროცესის მონაწილენი მზის შუქზე გაშიშვლებულები დარჩნენ. ამის დაუნახაობა არ გამოდიოდა არც ბრიუსელში, არც ვაშინგტონსა და არც - მოსკოვში. ეს უკანასკნელი, თავისი პროპაგანდისტების სახით, პირდაპირ დაგვემუქრა ქვეყნის დაბომბვით, თუკი თბილისში, პოლიტიკური ვითარების დაძაბვის სახით, ოკუპირებულ ტერიტორიების მიმართ რაიმე საფრთხეს დაინახავდა. ეს რისკები, იმედია, სწორედ გათვალეს ევროკავშირშიც - ამიტომაც, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ საშემოდგომო, სახიფათო ექსპერიმენტებზე, „სტატუსის“ არმინიჭების სახით, ბრიუსელი წასვლას ვეღარ გარისკავს. ეს „სტატუსი“არანაირ პანაცეას არ წარმოადგენს, მაგრამ მისი მიღება, საქართველოსა და მისი მოქმედი ხელისუფლებისთვის, პრინციპისა და სამართლიანობის აღდგენის საკითხია. მთელი რიგი ობიექტური გარემოებების გამო, რომლებიც ყველასთვის ცნობილია, გამორიცხულია ევროპული სამართლიანობის სფეროს განეკუთნებოდეს „ასოცირების ტრიოში“ საქართველოს უკრაინისა და მოლდოვას შემდეგ მოხსენიება. „სტატუსის“ მინიჭება აუცილებელია იმისთვისაც, რომ ევროკავშირი „გლობალური ომის პარტიის“ იმ რიგებიდან ამოირიცხოს, ვისაც ეს „სტატუსი“ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებისა და ქვეყნის გარდაუვალ ომში ჩათრევის იარაღად უნდა გამოეყენებინა.
ამიტომ, იმედია, რომ შემოდგომაზე საქართველო ამ „სტატუსს“ აუცილებლად მიიღებს. ამ პროცესებში „ხალხის ძალის“ როლი და ადგილი უფრო დეტალური განხილვის საგანი აუცილებლად გახდება.
უბრალოდ, მინდა მივმართო ახალგაზრდობის მოაზროვნე ნაწილს: ამ სტატუსის მიხედვით, რომელშიც საუბარია რუსეთის სამხედრო აგრესიის თავიდან აცილებაზე, ქვეყნის ევროპულ ოჯახში მორიგ და დამსახურებულ საფეხურზე ასვლასა და ყოველივე ამის „ხალხის ძალის“ სახელით დეკლარირებაზე, რა საერთო უნდა ჰქონოდა ჩვენს მოძრაობას ე.წ. „რუსულ კანონთან“, რომლის სტიგმა ქვეყნის დაუძინებელმა მტრებმა შეცდომაში განზრახ შეყვანით მოგახვიეს და თქვენივე ხელით ჩვენი სახელმწიფოებრიობის დაქცევა განიზრახეს?“, - აღნიშნავს დავით ქართველიშვილი.