გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ზაზა შათირიშვილი: თუ გეუბნებიან, რომ გამჭვირვალობა ცუდია, უნდა დაიჯერო – თუ გეუბნებიან, რომ ცალ ფეხზე უფრო მყარად იდგები, ვიდრე – ორ ფეხზე, ესეც უნდა დაიჯერო

3-04-2023

ფილოსოფოსი, ზაზა შათირიშვილი მორიგ წერილს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


“უცხოელი აგენტების შესახებ კანონის გარშემო განვითარებული მოვლენები არის იმის საუკეთესო ილუსტრაცია, თუ როგორი სამყაროს შექმნას ცდილობენ ოლიგარქიული ოჯახები.


ისინი მოქმედებენ ჯორჯ ორუელის „1984-ის“ პრინციპით: „ომი მშვიდობაა, მონობა თავისუფლებაა, უმეცრება ძალაა“.


ცდილობენ, შექმნან საზოგადოება, სადაც დომინირებს არა ნამდვილი, არამედ – ვირტუალური სინამდვილე. გვეუბნებიან, რომ უნდა დავიჯეროთ არა ის, რაც სინამდვილეში არსებობს, არამედ – მხოლოდ ის, რასაც ვირტუალური სინამდვილის ავტორი გვეუბნება.


თუ გეუბნებიან, რომ ამერიკული კანონი რუსულია, უნდა დაიჯერო, თან ისე, რომ გასაპროტესტებელი კანონი არც კი უნდა წაიკითხო. თუ გეუბნებიან, რომ გამჭვირვალობა ცუდია, უნდა დაიჯერო. თუ გეუბნებიან, რომ ცალ ფეხზე უფრო მყარად იდგები, ვიდრე ორ ფეხზე, ესეც უნდა დაიჯერო.


გვეუბნებიან, რომ თუ ამერიკა და ევროპა იცავენ აგენტების კანონით საკუთარ სუვერენიტეტს, ეს კარგია, მაგრამ თუ საქართველო გადაწყვეტს აგენტების კანონით საკუთარი სუვერენიტეტის დაცვას, ეს საშინელებაა და ევროატლანტიკური კურსიდან ქვეყნის გადახვევას ნიშნავს.


გვეუბნებიან, რომ ამორალურობა პროგრესულობაა, ახალგაზრდობა გამოცდილებაა. გვეუბნებიან, რომ ხალხის ნებას გამოხატავს არა ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლება, რომელსაც მანდატი მილიონმა ამომრჩეველმა მიანიჭა, არამედ ქართველი ხალხია გიგაური და ლომჯარია, რომლებმაც მანდატი ოკეანის გაღმა მიიღეს.


ჩვენ უნდა დავიცვათ ნამდვილი სინამდვილე, სადაც მშვიდობა მშვიდობაა და ომი და მეორე ფრონტი ცუდია, სადაც თავისუფლება თავისუფლებაა და მონობა და აგენტობა ცუდია, სადაც გონიერება გონიერებაა და უმეცრება და გამოუცდელობა ცუდია.


წინააღმდეგ შემთხვევაში, გავიმეორებთ იმ შეცდომებს, რომლებმაც საქართველოს 90-იან წლებში სამი ომი და ეკონომიკური კოლაფსი მოუტანა. გავიმეორებთ იმ შეცდომებს, რომლის შედეგადაც სააკაშვილის ხელით მართულმა აგენტოკრატიამ რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ჩააბარა და შემდეგ, ევროსაბჭოს რეზოლუციით აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაცია სამართლებრივადაც გაუფორმა. გავიმეორებთ შეცდომებს, რომელიც საქართველოს გარდაუვალ უკრაინიზაციას, ანუ 90-იანი წლების უმძიმეს წარსულში საქართველოს დაბრუნებას გამოიწვევს.


გამოუცდელობითა და ემოციური ირაციონალიზმით, ქართულმა საზოგადოებამ წარსულში უკვე დაუშვა უმძიმესი შეცდომები, რომელთა ხელმეორედ დაშვებას მომავალი თაობა არ გვაპატიებს”, – აცხადებს შათირიშვილი.