30-11-2017
სამცხე–ჯავახეთის 205 საჯარო სკოლიდან, 144 სკოლაში შეშის ღუმელებით თბებიან. რესურსცენტრებში ირწმუნებიან, რომ ყველა სკოლა შეშით მომარაგებულია.
ადიგენის მუნიციპალიტეტში, 25 სკოლიდან, 24–ში დღემდე შეშის ღუმელებით თბებიან. მკაცრი კლიმატის გამო მაღალმთიანი სოფლის სკოლებში ღუმელებს ოქტომბერში დგამენ, დანარჩენ სკოლებში კი 1 ნოემბრიდან.
ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრში ამბობენ, რომ შეშით ყველა სკოლა მომარაგებულია.
„ყველა სკოლა შეშაზეა, გარდა დერცელისა, ეს სკოლა ახალი გარემონტებულია და ელექტროენერგიის საშუალებით თბება, საჭიროების შემთხვვისთვის შეშის ღუმელებიც აქვთ“, – ამბობს ადიგენის საგანამანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელი ინგა ბოჭორიშვილი.
ახალციხის 39 სკოლიდან ცენტრალური გათბობა 13 სკოლაშია, აქედან ექვსი ბუნებრივი აირით თბება, დანარჩენი შეშით. გასათბობად შეშის ღუმელს იყენებს დანარჩენი 26 სკოლა.
ახალციხის საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელის ხათუნა ხმალაძის განმარტებით, სკოლებს გამოსაზამთრებლად საკმარისი რაოდეობის შეშა აქვთ: „წელს სკოლებისთვის შეშის მომარაგება ცენტრალიზებლად განხორციელდა. სატყეო მეურნეობამ უზრუნველყო საშეშე მერქნით მომარაგება“.
ბორჯომში 20 საჯარო სკოლიდან, ღუმელებით მხოლოდ 9 სკოლაში თბებიან, დანარჩენში ცენტრალური გათბობაა.
„11 სკოლაში ცენტრალური გათბობა გვაქვს და ამ დრომდე პრობლემა არ გვქონია. თუ რომელიმე სკოლას გაუჭიდება გათბობის თანხის გადახდა, სამინისტრო ეხმარება. ციხისჯვარის სკოლა, რომელიც აქამდე შეშით თბებოდა, მალე საპილოტე გათბობაზე გადავა და ე.წ ბრიკეტებით გათბებიან“, – აცხადებს ბორჯომის რესურცენტრის ხელმძღვანელი იზოლდა ლომიძე.
მისივე თქმით, ისეთ მაღალმთიან სოფლებში, სადაც უხვი ნალექია, როგორიცაა ბალანთა, მოლითი და ტაბაწყური, ხშირ შემთხვევაში ღუმელები ოქტომბრიდან მაისამდე დგას. მიმდინარე წელს ყველა სკოლა საწვავით სექტემბრის თვეში მომარაგდა. ბალათის საჯარო სკოლას ზამთრის პერიოდში 48 კუბური მეტრი შეშა სჭირდება, მოლითს – 50, ხოლო ტაბაწყურს – 60.
ზამთარს მოზადებული ხვდებიან ასპინძის საჯარო სკოლებშიც. აქ 18–დან 14 სკოლაში შეშის ღუმელები დგას, ორში ელექტროღუმელებით თბებიან, ერთ სკოლაში ბუნებრივი აირით ცენტრალური გათბობის სისტემაა დამონჟებული. ხოლო დაბა ასპინძის სკოლა ცენტრალურ გათბობას ქვანახშირით და შეშით ამუშავებს.
საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელის ტრისტან მურადაშვილის განმარტებით, დამალის საჯარო სკოლა უახლოეს მომავალში ბუნებრივი აირით გათბება და ცენტრალური გათბობა დამონტაჟდება.
ნინოწმინდის 38 სკოლიდან უმეტესობა შეშის ღუმელებით თბება. ცენტრალური გათბობა 8 სკოლაშია დამონტაჟებული, 3 სკოლაში გასათბობად ელექტროღუმელებს იყენებენ.
საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმღვანელის დავით ზედგინიძის განმარტებით, ყოველწლიურად იზრდება იმ სკოლების რაოდენობა, სადაც გათბობისთვის ბუნებრივ აირს იყენებენ. ამ ეტაპზე ყველა სკოლა შეშით უზრუნველყოფილია.
საწვავით და საშეშე მერქნით მომარაგებულია ახალქალაქის სკოლებიც. საგანმანათლებლო რესურცენტრის ინფორმაციით, 65 საჯარო სკოლიდან გაზიფიცირებულია და ბუნებრივ აირზე მომუშავე ცენტრალური გათბობის სისტემის მეშვეობით თბება 16 სკოლა, გარდა ამისა, ნახშირზე მომუშავე ცენტრალური გათბობის სისტემით თბება 4 სკოლა, ხოლო დიზელის საწვავზე მომუშავე ცენტრალური გათბობის სისტემით 1 , დანარჩენი 44 სკოლა თბება შეშის ღუმელებით: „ამ ეტაპისათვის ყველა მომარაგებულია ზამთრის სეზონისათვის საჭირო საწვავით“.
წყარო: "სამხრეთის კარიბჭე"