6-04-2023
„ევროკავშირი მხარს უჭერს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს, რომელიც უზარმაზარი ინვესტიციაა და იმედია, მნიშვნელოვნად შეცვლის ელექტროენერგიის გამომუშავებას და ასევე ელექტროგადაცემას სამხრეთ კავკასიას და ევროკავშირს შორის," - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის თაობაზე საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის ოთხმხრივ შეხვედრაზე განაცხადა.
თბილისში გამართული შეხვედრა, რომელშიც საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის მთვარობათა მაღალი რანგის პირები მონაწილეობდენ, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ უნგრეთის ვაჭრობისა და საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო, აზერბაიჯანის განახლებადი ენერგიის სააგენტოს დირექტორი ჯავიდ აბდულაევი და რუმინეთის ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ჯორჯ ნიკულესკო.
„ შავი ზღვის კაბელი არის ძალიან დიდი პროექტი, რომელიც აკავშირებს, ერთი მხრივ, საქართველოსა და აზერბაიჯანს, მეორე მხრივ, რუმინეთსა და უნგრეთს. ევროკავშირი მხარს უჭერს ამ პროექტს და მონაწილეობს მასში, როგორც დამკვირვებელი. ჩვენ ვსაუბრობთ უზარმაზარ ინვესტიციაზე, რომელიც, იმედია, მნიშვნელოვნად შეცვლის ელექტროენერგიის გამომუშავებას და ასევე ელექტროგადაცემას სამხრეთ კავკასიასა და ევროკავშირს შორის. ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს ამ პროექტს და გვინდა, რომ ამ პროექტს ჰქონდეს რეგიონული მასშტაბი. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ რამდენიმე წელიწადში სამხრეთ კავკასია გახდება ენერგიის ძალიან მნიშვნელოვანი წყარო ევროკავშირისთვის. ამას გარკვეული დრო დასჭირდება, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ უზარმაზარ პროექტზე, მაგრამ გვსურს, ეს რაც შეიძლება მალე განხორციელდეს", - აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და საქართველოს და რუმინეთის გადამცემი სისტემის ოპერატორების „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" და „ტრანსელექტრიკა"-ს ხელშეწყობით განხორციელდება. 2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა - პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1 195 კილომეტრის სიგრძის კაბელი რუმინეთს დაუკავშირდება (1100 კმ წყალქვეშა და 95 კმ სახმელეთო კაბელი), რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით განახორციელონ ვაჭრობა.
ამ ეტაპზე, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" საკონსულტაციო კომპანია CESI-ს დახმარებით ახორციელებს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას. სამომავლოდ, პროექტის ფარგლებში ასევე ჩატარდება გარემოზე და სოციალურ ზემოქმედების შეფასებისა და შავი ზღვის ფსკერის გეოფიზიკური და გეოტექნიკური კვლევები. მათი მეშვეობით დადგინდება პროექტის პრაქტიკული განხორციელების შესაძლებლობები და საუკეთესო გზები. კომიტეტი განიხილავს CESI-ს მიერ მომზადებულ პრეზენტაციას, რომელიც ასახავს მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის ფარგლებში.