7-04-2023
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურული პროექტები დასრულების ფაზაშია. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე გორში, აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 და მე-14 ბატალიონების დისლოკაციის ადგილზე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. თავდაცვის მინისტრმა მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან, მინისტრის მოადგილეებთან და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა. უწყების ხელმძღვანელმა პირებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ბაზაზე შესრულებული სამუშაოების შესახებ.
ბრიგადის ტერიტორიაზე სამსართულიანი ყაზარმისა და საყარაულო შენობის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. სამსართულიან ყაზარმას უტარდება რეკონსტრუქცია, რაც მოიცავს იატაკების, კედლებისა და ჭერის განახლებას, კერამიკული ფილების მოწყობას, განათების სისტემებისა და საინჟინრო ქსელების რეაბილიტაციას. სტუმრებმა დასრულებული სპორტული დარბაზიც დაათვალიერეს, რომელიც თანამედროვე სპორტული ინვენტარით არის აღჭურვილი.
სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე უკვე დასრულებულია სამი მულტიფუნქციური სტადიონის მოწყობა და სამსართულიანი ყაზარმის მშენებლობა.
ქართველი სამხედროებისთვის ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით, ინფრასტრუქტურის განახლების სამუშაოები მთელი ქვეყნის მასშტაბით დისლოცირებული სამხედრო ქვედანაყოფების სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. სამხედრო ბაზებზე ასობით ობიექტი აშენდა, გარემონტდა და მოწესრიგდა.