8-04-2023
მინდა მჯეროდეს, რომ იმ 9 აპრილის გმირი ახალგაზრდობის გზის გამგრძელებლები არასოდეს იქნებიან საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მოძალადეები, სწორედ ისეთები, როგორიც ვნახეთ 7-8 მარტის დღეებში ისევ იმ რუსთაველზე, სადაც 34 წლის წინ მათი თანატოლებისგან ნამდვილი გმირობის ისტორია დაიწერა, - აცხადებს „ხალხის ძალის“ წევრი, დიმიტრი ხუნდაძე.
მისივე თქმით, 1989 წლის 9 აპრილს, ებრძოდნენ მტერს, საბჭოთა რეჟიმს. დღეს კი, აგრესიული ახალგაზრდების ჯგუფი ებრძვის საკუთარ სახელმწიფოს და არ იცის, რისთვის.
„ახალგაზრდები, რომლებმაც მარტის დღეებში რუსთაველი ცეცხლში გახვიეს, იმ 9 აპრილს არც კი იქნებოდნენ დაბადებულნი. მათ არ იციან რა მოხდა მაშინ და რას ჰქვია ნამდვილი გმირობა. ოპოზიცია არ ეტყვის მათ სიმართლეს, რადგან იმ 9 აპრილის მონაწილე ახალგაზრდები სულ სხვა სულისკვეთებით და სხვა მორალით იქცეოდნენ. ისინი ებრძოდნენ მტერს, საბჭოთა რეჟიმს. დღეს კი, აგრესიული ახალგაზრდების ჯგუფი ებრძვის საკუთარ სახელმწიფოს და არ იცის, რისთვის. 9 აპრილის ღამით ქართული პოლიცია მოსახლეობას გადაეფარა. დღეს კი ოპოზიცია ცდილობს ახალგაზრდა, რომელმაც იგივე მოედანზე პოლიციელის ცოცხლად დაწვა განიზრახა, გმირად აქციოს.
ეს არის არა მარტო იმ გმირებისა და ქართული პოლიციის შეურაცხყოფა, ეს არის მტრობა ახალგაზრდობის და საკუთარი ქვეყნის წინაშე. საქართველო 9 აპრილის გმირების ბრძოლის შედეგად დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა. ეს არის ახალგაზრდების სისხლით მონაპოვარი და დღევანდელი თაობა სწორედ ამას უნდა უფრთხილდებოდეს. მათი თანატოლები საქართველოს სუვერენიტეტისთვის იბრძოდნენ და არა სხვა ქვეყნის მორჩილებისთვის, რასაც ამ დღეებში ვხედავთ.
მინდა ლაზარეს თაობამ და მისმა თანამზრახველებმა იცოდნენ, ცეცხლწაკიდებული პოლიციელი არ არის დემოკრატიული საქართველოს სიმბოლო და არც მათი ქმედებაა გმირობა. გმირობა საკუთარ თავში ძალადობის უარყოფით იწყება. მინდა მჯეროდეს, რომ იმ 9 აპრილის გმირი ახალგაზრდობის გზის გამგრძელებლები არასოდეს იქნებიან საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მოძალადეები, სწორედ ისეთები, როგორიც ვნახეთ 7-8 მარტის დღეებში ისევ იმ რუსთაველზე, სადაც 34 წლის წინ მათი თანატოლებისგან ნამდვილი გმირობის ისტორია დაიწერა“, - აღნიშნავს დიმიტრი ხუნდაძე.