10-04-2023
კომუნიკაციების კომისიის მხარდაჭერით და კომისიის აპარატის მრჩეველთა საბჭოს წევრების ავტორობით, ტელეკომუნიკაციის დარგის შესახებ 10-ზე მეტი წიგნი გამოიცა, რომლებიც სფეროს განვითარებასა და სატელეკომუნიკაციო დარგში არსებულ გამოწვევებს ეხება.
ComCom-ის აპარატის მრჩეველთა საბჭოს წევრის, სერგო შავგულიძის თანაავტორობით და კომუნიკაციების კომისიის, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის მხარდაჭერით, 2021-2023 წლებში, ტელეკომუნიკაციების შესახებ 6 ახალი წიგნი ქართულ ენაზე გამოიცა. მათ შორისაა: "გზა 6G-მდე: გამოწვევები კომუნიკაციების ინჟინრებისთვის" და "უსაფრთხოების ახალი ტექნოლოგიები 6G ქსელებისთვის". აღნიშნულ სამეცნიერო და სახელმძღვანელო წიგნებში მიმოხილულია ევოლუცია არსებული 5G ქსელებიდან, მომავალ 6G ქსელებამდე, შესწავლილია ისეთი განვითარებადი ტექნოლოგიები და თემები, როგორებიცაა: ხელოვნული ინტელექტი, უპილოტო საფრენი აპარატები და ფართომასშტაბიანი თანამგზავრული თანავარსკვლავედები. ასევე მიმოხილულია 6G ქსელების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური ტენდენციები, საფრთხეები და სხვა.
გარდა ამისა, ტელეკომუნიკაციის დარგში მომუშავე სპეციალისტებისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტისა და საქართველოს უნივერსიტეტის ბაკალავრების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის გამოიცა რევაზ სვანიძის სახელმძღვანელო "გადაცემის ციფრული ბოჭკოვან-ოპტიკური სისტემები და ტექნოლოგიები", რომელიც ქართულ და საერთაშორისო ჟურნალებში, ავტორის მიერ გადაცემის ბოჭკოვან-ოპტიკური სისტემებისა და ტექნოლოგიების შესახებ გამოქვეყნებულ კვლევებს მოიცავს. რევაზ სვანიძის ავტორობით ასევე გამოიცა "5G მობილური ტექნოლოგიები და ელექტრომაგნიტური გამოსხივება", სადაც 5G მობილური ტექნოლოგიის მახასიათებლები, მობილური ტელეფონების ელექტრომაგნიტური გამოსხივების, მათი ეკოლოგიისა და ადამიანზე მავნე ზეგავლენის საკითხებია განხილული.