12-04-2023
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 01 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 265 ფაქტი გამოავლინეს; მათ შორის, 197 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 68 კი, საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამართალდარღვევებიდან 27 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 76 ფაქტი გამოვლენილია კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე; სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა 28 სამართალდარღვევა, ქვემო ქართლში – 26, სამცხე-ჯავახეთში – 19, იმერეთში – 18, აჭარაში – 9, გურიაში – 8, შიდა ქართლშიც – 8, მცხეთა-მთიანეთში კი, 5 სამართალდარღვევა გამოვლინდა.ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 297 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე. ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 58 ფაქტი; ამოღებულია 10 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.