12-04-2023
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, ლევან კაკავამ ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნის თანაშემწეს, თეა დ. როზმან კენდლერს ,,ყაზბეგის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე უმასპინძლა.
შეხვედრაზე ლევან კაკავამ ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატების ხანგრძლივ და უწყვეტ მხარდაჭერას საბაჟო სისტემის შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით, მათ შორის თავად ,,ყაზბეგის" საბაჟო გამშვები პუნქტის სამშენებლო სამუშაოების პროცესის დაფინასებაში.
შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, ასევე აღნიშნა, რომ გაზრდილი საერთაშორისო ტვირთბრუნვის პირობებში ,,ყაზბეგის" საბაჟო გამშვები პუნქტი უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო დერეფანია, როგორც მთლიანად რეგიონისთვის, ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის.
სამუშაო შეხვედრისას, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს წარუდგინეს ვრცელი პრეზენტაცია იმ რისკის პროფილების შესახებ, რომლის საფუძველზეც ოპერატიულად იდენტიფიცირდება და კონტროლდება, როგორც სანქცირებული ფიზიკური პირების, კომპანიების დანიშნულებით მიმავალი, ისე სანქცირებული ფიზიკური პირებიდან და კომპანიებიდან მომავალი აკრძალული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება, აგრეთვე ტრანზიტის, ექსპორტისა და რეექსპორტის პროცედურები.
ვიზიტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციის წევრებმა გამშვები პუნქტი, დაათვალიერეს და საზღვრის კვეთის პროცედურებს, ადგილზე გაეცნენ.
შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე, საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ სიჭინავა, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია და სხვა ხელმძღვანელი პირები. აღსანიშნავია, რომ სამუშაო შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდა ამერიკის შეერთებული შტატების ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების (EXBS) რეგიონული მრჩეველი ქარენ ჩეისონი.