13-04-2023
ღია წყაროებზე დაყრდნობით უამრავი „ლინკიაო“, რომ ამბობენ, სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლესთან დაკავშირებით, ერთი „ლინკი“ მაინც გვითხრან სად არის და ჩვენ თვითონ გავხსნით - ვიცით გახსნა. „ლინკს“ ვითხოვთ ქალბატონი კელი დეგნანისგან, მაგრამ არა, პასუხის ღირსადაც არ მიგვიჩნევენ, იმიტომ, რომ სტიგმებით გვებრძვიან, - ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დასავლეთის მხრიდან ორმაგ სტანდარტებს საქართველოსთან მიმართებით ერთი ახსნა აქვს - ქვეყნისგან უპირობო მორჩილება სურთ, რასაც ვერ მიიღებენ, რადგან ქართული საზოგადოება დამოუკიდებლობას არ დათმობს.
„აგერ არის მართლა საჯარო ინფორმაცია BBC-ის ვებგვერდზე. მეტი რა არის საჭირო, რომ კეზერაშვილს გამოუცხადო სულ ცოტა ის სავიზო შეზღუდვა თუ სანქცია, მაქსიმუმ კი მის მიერ დაფინანსებულ ტელევიზიას დაუწესო სანქცია? შემოაგდეს სტიგმა - „რუსული კანონი“. ეკითხები - რატომ არის ეს „რუსული“? ეს ხომ შენი კანონიდან გადავთარგმნე? პასუხია - არ მაინტერესებს, მე ასე მინდა! შემოაგდეს მეორე სტიგმა - „კორუმპირებული მოსამართლეები“. ეკითხები - ფაქტები სად არის? პასუხია - ფაქტებს არ გაძლევ, მე ასე მინდა და ასე მივიჩნევ! მე თუ გეუბნები, ეს ასეა! ამას თურმე თავჩაღუნული, ცალ ფეხზე მდგომი თუ წაკუზული, დიდი მადლიერებით უნდა შეხვდე. მეფის რუსეთიც გადავიტანეთ და ბოლშევიკური რუსეთიც - არ ვაღირსეთ ცალ ფეხზე დგომა. კი, ჭკუის სასწავლებელი იყო ის 200 წელი და გამორიცხულია, რომ ისევ რომელიმე ნეოიმპერიალისტურ შინაარსში მოვყვეთ“, - აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.