14-04-2023
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა.
ღონისძიების ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა.
გიორგი ამილახვარმა სიტყვით გამოსვლის დროს ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო ენის დღის მნიშვნელობაზე.
გიორგი ამილახვარი: „თითოეული ჩვენგანისთვის ქართული ენა იდენტობის განუყოფელი ნაწილია და ის უმთავრეს როლს ასრულებს ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების საქმეში. ისტორიას ამის ბევრი მაგალითი ახსოვს – ჩვენს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე სწორედ 1978 წლის 14 აპრილი გახლავთ, როდესაც საქართველოს მოსახლეობამ მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ. ჩვენი თანამემამულეების ერთსულოვნებისა და ერთობლივი ძალისხმევის შედეგად პირველად, საბჭოთა კავშირის ისტორიაში, კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია. მოგეხსენებათ, სწორედ ამ ძალიან საამაყო და მნიშვნელოვან მოვლენას უკავშირდება 14 აპრილის ქართული ენის დღედ გამოცხადება.
ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს აქ გვესწრებიან 1978 წლის 14 აპრილს განვითარებული მოვლენების მომსწრე და თვითმხილველი ენათმეცნიერები, რომელთაც თავიანთი მოღვაწეობით უდიდესი წვლილი შეიტანეს ქართული ენის მეცნიერული კვლევისა და სწავლების საქმეში.
დღეს ჩვენს უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ჩვენი თანამემამულეების მონაპოვრის შენარჩუნება და სახელმწიფო ენის სწავლების გაუმჯობესების ხელშეწყობა. ამ მიმართულებით სამინისტრო კვლავაც აქტიურად გააგრძელებს მუშაობას.“
თეა ახვლედიანმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს კულტურულად და ენობრივად მრავალფეროვან საზოგადოებაში სახელმწიფო ენის ცოდნის მნიშვნელობაზე.
თეა ახვლედიანი: მრავალფეროვნებით, სიძლიერითა და უნიკალურობით გამორჩეული ქართული ენა, როგორც ჩვენი უდიდესი სიმდიდრე და ეროვნული იდენტობის მყარი ფუნდამენტი, განამტკიცებს ჩვენი მულტიკულტურული, ეთნიკურად და ენობრივად მრავალფეროვანი საზოგადოების კონსოლიდაციას, გვაძლევს ერთმანეთთან კომუნიკაციის, თანამშრომლობის, კულტურისა და ტრადიციების ურთიერთგაზიარების საშუალებას. სწორედ ამიტომ, საქართველოს მთავრობა, სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, უმთავრეს პრიორიტეტს ანიჭებს ქართული ენის ცოდნის დონის ამაღლებას ჩვენი ქვეყნის არაქართულენოვან საზოგადოებაში.
ამ ფონზე, ხაზგასასმელია, რომ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში კვლავაც მიზანმიმართულად იზღუდება ქართული ენა, რაც საოკუპაციო რეჟიმის მიერ მრავალი წლის მანძილზე წარმოებული პოლიტიკის გამოვლინებაა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება, შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს ხარისხიანი უმაღლესი განათლების მისაღებად სთავაზობს საშეღავათო პროგრამებს და უქმნის უმაღლესში უგამოცდოდ ჩარიცხვის შესაძლებლობას, არიან ისეთი გამორჩეული ახალგაზრდები, რომლებიც დამოუკიდებლად ემზადებიან, საკუთარ თავში პოულობენ ძალასა და გამბედაობას, რომ მაღალი კონკურენციის ფარგლებში ქართულ ენაზე წარმატებით ჩააბარონ ეროვნული გამოცდები.“
ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ქართული ენის სწავლებასა და კვლევაში გაწეული განსაკუთრებული წვლილისათვის სამი ღვაწლმოსილი მეცნიერი – მზექალა შანიძე, დამანა მელიქიშვილი და ჟუჟუნა ფეიქრიშვილი დააჯილდოვეს.
ღონისძიების ფარგლებში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა დიმიტრი გულიასა და კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სტიპენდიები აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ იმ სტუდენტებს გადასცეს, რომლებმაც 2022-2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგები აჩვენეს.
მინისტრებმა სიმბოლური საჩუქრებით ასევე დააჯილდოვეს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ის ოთხი კურსდამთავრებული, რომლებმაც ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის (1+4) წარმატებით დასრულების შემდგომ სწავლა გააგრძელეს ქართულენოვან საბაკალავრო პროგრამაზე და დღეისათვის თავად ასწავლიან არაქართულენოვან სკოლებში ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.
საჩუქრები ასევე გადაეცათ აზერბაიჯანული და სომხურენოვანი სკოლების კურსდამთავრებულებს, რომლებმაც მაღალი შეფასებები დაიმსახურეს და ერთიანი ეროვნული გამოცდებით განსაზღვრული სამი სავალდებულო საგნის წარმატებით ჩაბარების საფუძველზე ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე ფინანსდებიან სახელმწიფო სასწავლო გრანტით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მოქმედი სოციალური პროგრამის ფარგლებში.
ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა ქართული სალიტერატურო ენის ნორმების მესამე ბიულეტენის პრეზენტაცია. გარდა ამისა, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მოხალისეთა პროგრამის ბენეფიციარებმა საზოგადოებას საკუთარი პროექტები წარუდგინეს, რისთვისაც ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ისინი სპეციალური პრიზებით დააჯილდოვა.
ღონისძიებაზე სტუმრებს ასევე საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ სახელმწიფო ენის დეპარტამენტის გამოცემებს. ამასთან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარებმა წარმოადგინეს კალიგრაფიის მასტერკლასი და დედაენის თემატიკაზე შესრულებული ხელნაკეთი წიგნები.