18-04-2023
"ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის პოსტზე ლევან ხაბეიშვილის ლეგიტიმაცია ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ორად გაყოფილ პარტიაში ახალი თავმჯდომარის საქმიანობით უკამაყოფილო მელიას გუნდი ღიად მიანიშნებს, რომ ლევან ხაბეიშვილი საარჩევნდო გაცემულ დაპირებებს ვერ ასრულებს, რაც შესაძლოა, პარტიაში ახალი არჩევნების ჩატარების საფუძველი გახდეს.
ლევან ხაბეიშვილის თავმჯდომარეობა „ნაციონალურ მოძრაობაში“ სავარაუდოდ, ყველაზე ხანმოკლე აღმოჩნდება. „ქრონიკის“ ინფორმაციით, პარტია ამ წუთებშიც მსჯელობს იმაზე, ვინ იქნება პარტიის უკვე მომავალი თავმჯდომარე და როდის ჩატარდება მომავალი არჩევნები. „ქრონიკის“ ინფორმაციით, განიხილება ორი კანდიდატურა, ესენი არიან პეტრე ცისკარიშვილი და ლევან ბეჟაშვილი.
ლევან ხაბეიშვილის გადაყენების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად განიხილება ის, რომ მან არ იცის ინგლისური და ვერ ამყარებს პარტნიორებთან ურთიერთობას. ასევე, ლევან ხაბეიშვილის სამთვიანი თავმჯდომარეობის პერიოდში „ნაციონალური მოძრაობა“ ორ ფლანგად გაიყო, მელიასა და ხაბეიშვილის მომხრეებად. ნიკა მელიას ფლანგი მას ადანაშაულებს იმაში, რომ ვერ შეასრულა ამ ხნის განმავლობაში გაცემული დაპირებები, რასაც წინასაარჩევნო პერიოდში გასცემდა.