19-04-2023
თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის და შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, ერთი პირი დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2022 წლის 9 ოქტომბერს, ქ. თელავში, ბრალდებულს ყოფილ მეუღლესთან სიტყვიერი დაპირისპირება მოუხდა, რა დროსაც მან შურისძიების მოტივით, დაზარალებულს საცხოვრებელი სახლის სააბაზანო ოთახში, დანის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
ასევე, 2022 წლის 6 ოქტომბერს, ბრალდებულის მიმართ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი, რომლითაც ამ უკანასკნელს აეკრძალა ყოფილი მეუღლის სახლთან მიახლოება და ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. მიუხედავად აკრძალვისა, იგი, რამოდენიმე დღეში მივიდა დაზარალებულის საცხოვრებელ სახლში, რითაც მან დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ განზრახ მკვლელობის ჩადენამდე, ბრალდებული სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა დაზარალებულს, ასევე, ფიზიკურად გაუსწორდა ყოფილ მეუღლეს, მეუღლის დედას და ყოფილ მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. აღნიშნული დანაშაულისთვის ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 2022 წლის 4 ოქტომბერს დააკავეს და 5 ოქტომბერს პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, ორი ეპიზოდი (ოჯახში ძალადობა); 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა ორი პირის მიმართ) და 11-151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ" ქვეპუნქტით - (ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარა) წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით მოითხოვა პატიმრობის შეფარდება, თუმცა 6 ოქტომბერს, თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული პირდაპირ მიუთითებდა ბრალდებულის მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარის თაობაზე, დაუსაბუთებლად არ გაიზიარა პროკურატურის პოზიცია, სათანადოდ ვერ შეაფასა ბრალდებულიდან მომდინარე რისკები და საფრთხეები, მათ შორის ახალი დანაშაულის ჩადენისა და მისი მიმალვის საფრთხე, უკანონოდ სცნო ბრალდებულის დაკავება, გაათავისუფლა დაკავებიდან და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო - 2000 ლარი შეუფარდა.
პროკურატურა კატეგორიულად არ დაეთანხმა სასამართლოს პოზიციას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა.
ბრალდებულს, რომელსაც არ შეეფარდა პატიმრობა, მიეცა შესაძლებლობა სისრულეში მოეყვანა თავისი მუქარა და სასტიკად გაუსწორდა ყოფილ მეუღლეს, რამაც ეს უმძიმესი შედეგი გამოიწვია.
თელავის რაიონულმა სასამართლომ მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის ,,კ'' ქვეპუნქტით და 11 პრიმა, 381 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა) და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
ბრალდების მხარე, აღნიშნულ განაჩენს სასჯელის დამძიმების მიზნით, კანონით დადგენილ ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.