20-04-2023
წელს, საქართველოს მთავრობამ „საქართველოს საზღვაო წყლებში აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტი დაამტკიცა, რომელიც ადგილობრივი საზღვაო აკვაკულტურის განვითარების სფეროსთვის ახალ შესაძლებლობებს იძლევა. ასევე, საქართველოს საზღვაო წყლებში აკვაკულტურისათვის გამოყოფილი ზონების დამტკიცება მნიშვნელოვანი პროგრესია ლურჯი ეკონომიკის განვითარებისთვის და ზღვის რესურსების მდგრადი გამოყენებისთვის.
„საქართველოში აკვაკულტურას აქვს განვითარების დიდი პოტენციალი, რაც ამ დრომდე მხოლოდ მცირედით თუ არის ათვისებული. მათ შორის არის საზღვაო აკვაკულტურა.წელს დავამტკიცეთ საზღვაო აკვაკულტურის ფერმების მოსაწყობად ზონები აჭარის, სამეგრელოს და გურიის სანაპირო ზოლში, 8 ლოკაციაზე. აღნიშნული გააჩენს შესაძლებლობებს აკვაკულტურის მიმართულებით მსხვილი ინვესტიციების მოზიდვისთვის, რაც ნიშნავს ათეულ ათასობით ტონა თევზის და სხვადასხვა სახეობის ზღვის პროდუქტის წარმოების შესაძლებლობას და, ეტაპობრივად, ასეულობით მილიონი დოლარის საექსპორტო პოტენციალის ათვისებას.
აკვაკულტურის ზონების ძირითადი რეკომენდაციები სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასა (FAO) და ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით, ასევე, საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობით მომზადდა“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში გამოსვლისას.
აღსანიშნავია, რომ ზონების დადგენა ხელს შეუწყობს საქართველოში აკვაკულტურის დარგის განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.