20-04-2023
„სოფლის მეურნეობაში ღირებულებათა ჯაჭვის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა. აღსანიშნავია, რომ თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების სისტემების საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზების ფარგლებში, შეიქმნა კვალიფიციურ სათესლე და სანერგე მეურნეობების ერთიანი რეესტრი (მონაცემთა ბაზების პროგრამული უზრუნველყოფა). 2022 წელს, სერტიფიცირებული სათესლე მასალის რაოდენობამ შეადგინა 1400 ტონა, ხოლო სერტიფიცირებული სარგავი მასალის რაოდენობამ 1.3 მლნ ნერგი“, - განაცხადა „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში გამოსვლისას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სათესლე და სარგავი მასალის სერტიფიცირების კარგად ორგანიზებული სისტემა უზრუნველყოფს მომხმარებელს ხარისხიანი მასალით, რაც მოსავლიანობის და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის, კონკურენტუნარიანობის ამაღლების და ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელოვანი საფუძველია.
საქართველოში თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი 2015 წლიდან ახორციელებს. საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ფარგლებში, თესლი და სარგავი მასალა 2024 წელს სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარება.