20-04-2023
საქართველოს კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, მიწების მელიორაცია, სარწყავი და დამშრობი სისტემების მშენებლობა, ექსპლუატაცია და მართვა მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს სოფლის მეურნეობის განვითარებაში, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ქვეყანაში ინტენსიური და ეფექტიანი სასოფლო-სამეურნეო წარმოებისთვის საჭირო პირობების შექმნა.
„აქტიურად მიმდინარეობს საირიგაციო და სადრენაჟე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 422 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა. გატარებული ღონისძიებების შედეგად, წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 45000 ჰექტრიდან 165000 ჰექტრამდე, ხოლო დრენირებული მიწის ფართობი 14000 ჰექტრიდან 43000 ჰექტრამდე გაიზარდა.
ყოველწლიურად, მნიშვნელოვნად იზრდება მომსახურების არეალი - წყალუზრუნველყოფილი სავარგულების რაოდენობა, რომელზეც შეზღუდული ან შეწყვეტილი იყო სასოფლო-სამეურნეო კულტივირების პროცესი“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.
აღსანიშნავია, რომ დღეისათვის, ქვეყნის მასშტაბით, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 61.5 მლნ ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო პროექტები მიმდინარეობს. მშენებლობა-რეაბილიტაციის გეგმით, წლის განმავლობაში კიდევ 101 მლნ ლარის ღირებულების სამუშაოები დაიწყება. პროექტების სრულად განხორციელების შედეგად, დამატებით, 14 570 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი რეგულარულად მოირწყვება, 22 800 ჰექტარზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება, ხოლო დრენირებული მიწის ფართობი 905 ჰექტრით გაიზრდება.