20-04-2023
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, მელიორაციის მიმართულებით საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ოთხი მსხვილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის (მსოფლიო ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და საფრანგეთის განვითარების სააგენტო) მხარდაჭერით დაგეგმილი პროექტები, 2023-2030 წლებში, უზრუნველყოფს დარგში კოორდინირებულ ინვესტიციას, სექტორში მართვის ჰოლისტიკური მიდგომის დამკვიდრებას (წყალი, მიწა, სოფლის მეურნეობა), 50 000 ჰა-ზე მეტ ფართობზე სამელიორაციო მომსახურების გაუმჯობესებას, რაც სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობას დაახლოებით 30%-ით გაზრდის. პროექტებს ეყოლება 50 000-მდე ბენეფიციარი ფერმერული მეურნეობა“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ სიტყვით გამოსვლისას.
აღსანიშნავია, რომ რეაბილიტაციის გარდა, პროექტები მიზნად ისახავს: ფერმერთა ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას, ღირებულებათა ჯაჭვის განვითარებას, ბაზრებზე ხელმისაწვდომობის ზრდას. ამასთანავე ხელს შეუწყობს წყლის რესურსების მართვის სისტემის ჩამოყალიბებას. ცალკე კომპონენტი ეთმობა მიწის მდგრად მართვას, მიწების კონსოლიდაციას, მიწის საინფორმაციო სისტემის შექმნას, ნიადაგის დაცვის ღონისძიებებს, ასევე სამინისტროსა და მისი სტრუქტურული ერთეულების ინსტიტუციურ რეფორმას და ფუნქციურ გაძლიერებას“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ სიტყვით გამოსვლისას.